ავტორი:

მექრთამე ჩინოვნიკები და სამ წელში დაკავებული 51 მოხელე - ელიტური კორუფციის პრობლემა საქართველოში

მექრთამე ჩინოვნიკები და სამ წელში დაკავებული 51 მოხელე - ელიტური კორუფციის პრობლემა საქართველოში

"ოცნების" ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია არ არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ ქრთამის აღების შემთხვევების შესახებ სულ უფრო ხშირად გვესმის.

ბოლო სამი წლის (2015-2018 წლების) განმავლობაში ქრთამის აღების ბრალდებით 51 საჯარო მოხელე დააკავეს - აღნიშნული მონაცემები AMBEBI.GE-მ უზენაესი სასამართლოსგან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა.

ბოლო მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა - სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავა. ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: ორი შპს-ს დამფუძნებლები და დირექტორი.

სჯის თუ არა სათანადოდ სახელმწიფო მექრთამე ჩინოვნიკებს და რატომ ვერ ხერხდება საქართველოში ელიტური კორუფციის აღმოფხვრა - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად AMBEBI.GE-მ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მოიძია.

  • 2019 წლის იანვარში, სუს-მა ორი ჩინოვნიკი დააკავა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე - თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა და წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი. ჩოჩუა - ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, ივანეიშვილი კი - წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 250 000 ლარის აღებისთვის. თეიმურაზ ჩოჩუასა და გრიგოლ ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

  • 2018 წლის თებერვალში ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა დააკავა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე. გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7 000 ამერიკული დოლარი. 2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 3 500 ამერიკული დოლარი. სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • 2018 წლის ნოემბერში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი, გია გულორდავა დააკავეს. გამოძიების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში, გოგიამ და გულორდავამ (რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ), ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 21 500 აშშ დოლარი. გოგიას და გულორდავას სასამართლო პროცესები ამჟამად საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

  • 2017 წლის მარტში სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს "პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ ხელშეკრულებები გააფორმა ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კობალაძე შეხვდა შპს-ს ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო თანხა 50 000 ლარის ოდენობით.

AMBEBI.GE დაუკავშირდა გელა კობალაძის ადვოკატს, ხათუნა კეჭეყმაძეს. მისი თქმით, კობალაძეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ (თანხას არ ასახელებს) საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • 2017 წლის ივლისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. ისინი მოქალაქეს რუსთავში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6 008 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 15 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს.

როგორც აკაკი წერეთლის ადვოკატმა, მაია წერეთელმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ბრალდებულს პირველი ინსტანციის სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც აკაკი წერეთელს გარკვეული თანხის (ადვოკატი თანხას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ თანხა დიდი ოდენობის არ იყო) სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ორ წლამდე პატიმრობა შეეფარდა.

  • 2015 წლის დეკემბერში ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა ბედი ეწიათ ქრთამის აღების ბრალდებით სხვადასხვა დროს დაკავებულ საჯარო მოხელეებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფო უწყებებისგან ფაქტობრივად შეუძლებელია. არც ერთმა სამართალდამცავმა უწყებამ არ მოგვაწოდა კონკრეტული პირების სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია, იმ მოტივით, რომ ეს პერსონალური მონაცემებია.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავი უწყებების ამგვარ მიდგომას საგანგაშოდ მიიჩნევენ. "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" იურისტის ერეკლე ურუშაძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახელწიფო უწყებების სწორედ ეს პრაქტიკა:

"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად ეფექტურად ებრძვის სახელმწიფო კორუფციას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ არამხოლოდ ის, თუ ვინ დააკავეს, არამედ ისიც, როგორ დასრულდა შემდეგ პროცესი. სახელმწიფო თუ ვერ უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის საჯაროობას, თუ ჩვენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავიგოთ როგორ დასრულდა კონკრეტული მოხელის ესა თუ ის სისხლის სამართლის საქმე, მაშინ ცხადია ჩვენ ვერ შევაფასებთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ.

ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პერსონალური და გასაიდუმლოებული ინფორმაცია, ეს "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის სრულიად არაგონივრული ინტერპრეტაცია, თუ ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჩვენი ანტიკორუფციული სისტემისთთვის" - გვითხრა ერეკლე ურუშაძემ.

ელიტურ კორუფციაზე საუბრისას ხელისუფლება ხშირად თავს იწონებს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული კვლევის შედეგებით (2018 წლის ოქტომბერი), რომლის მიხედვითაც საქართველომ წინა წელთან შედარებით აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის ორ კომპონენტში - ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მიიჩნევს, რომ ეს შედეგი არ შეიძლება ცალსახად მივიჩნიოთ საქართველოში ელიტური კორუფციის მაჩვენებლის გაუმჯობესების ამსახველად. ორგანიზაციის შეფასებით, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და ის ვერ ასახავს მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების მენეჯერი ლევან ავალიშვილი საქართველოში ელიტური კორუფციის კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს და ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. მაგალითად, სუს-ის სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.

"მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული არც წინა ხელისუფლების დროს იყო აღმოფხვრილი და არც ამ ხელისუფლების დროს კეთდება ბევრი რამ ამ კუთხით. მთავრობა სულ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ელიტური კორუფცია არ არსებობს, ცხადია, მათ უჭირთ ამის აღიარება. დიდი პრობლემაა ის, რომ ბოლომდე მიყვანილი და სამართლიანად გამოძიებული საქმე არ გვახსენდება, გამოუძიებელი საქმეები კი ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულებებს, რადგან ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი.

საჭიროა უფრო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც იქნება ღია და გამჭირვალე.

დღეს ეს ფუნქცია სხვადასხვა უწყებებს აქვთ გადანაწილებული, თუმცა ასეთი ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა ძირითადად სუს-ის მოვალეობაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის ტერორიზმთან ბრძოლა, უცხოურ დაზვერვასთან ბრძოლა და ა.შ. იგი არ არის ღია უწყება და არც უნდა იყოს. მსოფლიოში არსად არ აქვს ასეთ უწყებას კორუფციასთან ბრძოლის ფუნქცია შეთავსებული", - ამბობს ავალიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მთავრობას თუ პარლამენტს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივით, თუმცა როგორც იურისტები აცხადებენ, ხელისუფლება მუდმივად იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ დგას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ