ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი ლეოპარდი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი ლეოპარდი მოკლეს

ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში აფხაზეთში, კოდორის ხეობაში აფხაზმა ბრაკონიერებმა ლეოპარდი მოკლეს და გაატყავეს.

მონადირეებმა ის ხაფანგში მოიმწყვდიეს, რა დროსაც ცხოველი მათ თავს დაესხა და ბრაკონიერებმა ესროლეს. კავკასიის სახელმწიფო ნაკრძალის პროფესორის ანატოლი კუდაკტინის თქმით, ლეოპარდი აფხაზი ბრაკონიერების მიერ წინასწარ დაგებულ ხაფანგში იყო მომწყვდეული. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სოჭიდან გადმოსული ლეოპარდი მოკლეს თუ ველური. მოკლული ცხოველის ანალიზები ექსპერტიზაზე მოსკოვში გადაგზავნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, აზიური ლეოპარდი გაუშვეს სოჭის ნაკრძალში, ველურ ბუნებაში პოპულაციისთვის. თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის იმ ლეოპარდზეა საუბარი თუ არა...

ფოტო: WWF

“ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, შესაძლოა, ის სულაც ველური ლეოპარდი იყო, რადგან ორი წლის წინ კოდორის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ამ სახეობის ცხოველი იპოვნეს... პანიკის ატეხვა არ გვინდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხარო ფაქტია," - აცხადებს კუდაკტინი, რომლის თქმითაც, ლეოპარდის ეს ჯიში, წითელ წიგნშია შეტანილი, რადგან გადაშენების პირას არის მისული.

თავდაპირველად, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ ლეოპარდი, ხაფანგიდან გამოღწევის მცდელობისას დაზიანდა და ამის გამო მოკვდა. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცხოველი ტყვიით არის მოკლული.

ადგილობრივი ე.წ. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, როგორც თევზჭერის სფერო, ესეც უკონტროლოა და ბრაკონიერები ყველანაირი, მათ შორის, მსხვილკალიბრიანი იარაღით ნადირობენ ცხოველებზე ნებისმიერ სეზონზე. ეკოლოგიური პრობლემებისა და ევოლუციის ინსტიტუტის ცნობით, კავკასიის ნაკრძალიდან, სავარაუდოდ, არაერთხელ გადმოსულან ცხოველები, რომლებიც ყოველ ჯერზე დახოცეს. დიდი ალბათობით ეს კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევაა.

"იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი მილიცია და ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სახელმწიფოს კომიტეტი უახლოეს მომავალში გამოავლენს ლეოპარდზე მონადირეებს და სრული სიმკაცრით დასჯის, რადგან კავკასიაში ბრაკონიერობა ძალზედ გავრცელებულია და უდიდეს საფრთხეს უქმნის ლეოპარდის სახეობის შენარჩუნებას... აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს აფხაზეთში ცხოველის მოკვლის მეორე შემთხვევაა" - ნათქვამია ე.წ. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც abkhaz-auto.ru ავრცელებს.

მომხდარს აფხაზი და რუსი ინტერნეტმომხრებლების მწვავე შეფასება მოჰყვა. "აქამდე რუსეთის მოქალაქეებს ხოცავდით, ახლა ლეოპარდიც არ დაინდეთ?!" - წერს ანდრეი პივოვაროვი.

"რამდენჯერ უნდა დავწერო - მრცხვენია, რომ ამას სახელმწიფო დავარქვით! თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დათვისთვის დააგეს ხაფანგი და რახან ლეოპარდი შერჩათ, მართლაც მოგერიების გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა და იმიტომ ესროლეს..." - წერს ედიკ გერზმავა.

"მეტი კი არ უნდათ ახლა რუსებს - ლეოპარდის ჭამასაც დაგვაბრალებენ, არადა, რამდენიმე უსაქმურმა, გასართობად მოკლა და შედეგზე არც უფიქრია... ტყავს გააძრობდნენ და იტრაბახებდნენ, მაგრები ვართო... მოკლედ, გილოცავთ, კიდევ ერთი სირცხვილი. დღითიდღე ვამტკიცებთ, რომ გვირაბში ვრჩებით..." - წერს ლია სალია.