ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა.
„დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული. ამ მავთულზე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი.
ასევე მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანუკა ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან.
ასევე მივიღეთ ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია“, - აცხადებს გელხაური.
მისი განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ის დღეს გაეცნო, საქმის გარშემო არსებულ მთავარ კითხვებს, მათ შორის იმას, თუ რით იქნა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილამდე გადაადგილებული, პასუხი გაეცა.
„ძირითად კითხვას, თუ რით მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილზე, სადაც ის აღმოაჩინეს, პასუხი გაეცა, ის ხელის ურიკით იქნა გადატანილი. გამოძიების ვერსიით, იაგო ნებიერიძემ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ურიკით მიტანა, რასაც ურიკაზე ორ ადგილას აღმოჩენილი ბერიაშვილის სისხლის კვალი ადასტურებს“, - აცხადებს ადვოკატი.
ის ვარაუდობს, რომ ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ურიკაზე სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ მოათავსა.
„ბავშვის ცხედარს ურიკის ფორმა და ზომა ჰქონდა მიღებული, რომელზეც მისი სისხლის კვალი აღმოჩნდა. ზუსტად იმიტომ შეუკრა ხელ-ფეხი ამ მდგომარეობაში, რომ ურიკაზე დატეულიყო“, - დასძენს გელხაური.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.