სარეცხის გასაფენი თოკების არქონის, წვიმიანი და ცივი ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გავლენის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც დიასახლისები პირდაპირ სახლში, ე.წ. საშრობი მოწყობილობის მეშვეობით, ან თუნდაც გამათბობელის საშუალებით აშრობენ სველ სარეცხს. თუ კი გეცნოთ მსგავსი სიტუაცია, მოგიწოდებთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოთ!
ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ სარეცხის პირდაპირ სახლში შრობა პოტენციურად საშიშია და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა ან ასთმის პრობლემა.
კრეიგ მასერი სამი შვილის მამაა ბოლტონიდან, რომელსაც ფილტვის ასპერგილოზის დიაგნოზი დაუდგინდა (ასპერგილოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ობის სოკოს განსაზღვრული სახეობა იწვევს. დაავადება, რომელიც ასპერგილათი ინფიცირების შედეგად ვითარდება, ჩვეულებრივ, სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა სიმპტომები და მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს). დაავადებას სოკო Aspergillus-ი იწვევს, რომელიც სწორედ რომ სარეცხის შრობის შედეგად ხვდება ჩვენს ორგანიზმში. გრეიგმა ექიმის დანიშნულებისამებრ, მიიღო ანტიმიკრობული პრეპარატები, შეწყვიტა სახლში სარეცხის შრობა და ერთ წელიწადში სრულიად განიკურნა.
საქმე ისაა, რომ სარეცხიდან წყლის აორთქლება ოთახში ტენიანობის 30%-ით მომატებას იწვევს, რაც იდეალური გარემოა სპორების განვითარება-გავრცელებისთვის. ერთი ნაწილი გარეცხილი სარეცხისა შეიცავს 2 ლიტრ წყალს (დაახლოებით), რომლის ოთახში აორთქლება ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა დაბალი იმუნური სისტემით ან ასთმით დაავადებულ ადამიანს საშინლად ავნებს.
აივ ვირუსისა და აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში, ასევე ქიმიო თერაპიის შემდეგ პერიოდში უფრო დიდია ალბათობა ფილტვის ასპერგილოზის განვითარებისა, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება, ამიტომ სველი სარეცხი ყოველთვის გააშრეთ აივანზე ან ქუჩაში.
როგორ ზემოქმედებს სარეცხის ხარისხზე სარეცხი საშუალებები და სარეცხი მანქანა?
ტექნიკა ცხოვრებას მნიშვნელოვნად გვიმარტივებს. აუცილებელია მათი სწორად მოვლა, რომ სარეცხის მანქანა, გაზქურა თუ სხვა საოჯახო ტექნიკა დიდხანს გვემსახუროს. მსხვილი საოჯახო ტექნიკიდან ყველაზე ხშირად პრობლემები სარეცხ მანქანას ექმნება ხოლმე, რადგან მის მუშაობაში მეტია ადამიანის ჩართულობა და მეტი წესების დაცვასაც მოითხოვს. თუმცა ზოგადად, სარეცხი საშუალების ხარისხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ქიმიური შემადგენლობის ფხვნილები დიდ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას.
სარეცხი მანქანის მოვლასთან დაკავშირებით გამოცდილ ხელოსანს გია გულიაშვილს ვესაუბრეთ.
რა არის ის ძირითადი წესები, რომელიც სარეცხი მანქანის გამოყენებისას უნდა დავიცვათ?
პირველი და უმთავრესი წესი არის ის, რომ მანქანაში არ უნდა შევყაროთ იმაზე მეტი და სასურველია, არც იმაზე ნაკლები სარეცხი, რაც კონკრეტული რეცხვის რეჟიმზეა მითითებული. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე იმ პარამეტრების ტექნიკა იყიდოთ, როგორიც თქვენ და თქვენს ოჯახს სჭირდება. სარეცხის მანქანაზე ცუდად მოქმედებს ნესტი, ამიტომ მას ნესტიან ადგილას ნუ დაამონტაჟებთ. უნდა უზრუნვეყოთ, რომ მანქანას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდეს, ძაბვა არ უნდა მერყეობდეს, გაყვანილობა უნდა იყოს ხარისხიანი. წინააღმდეგ შემთვევაში თქვენს მანქანას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას. საჭიროების შემთხვევაში, დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს სარეცხის მანქანის გადაადგილებაც.
რა გავლენა აქვს სარეცხ საშუალებს სარეცხის მანქანაზე?
ზოგადად, სარეცხი საშუალების ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ვიცი, ქიმიური შემადგენლობის ფხვნილები დიდ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. თუმცა არანაკლებ საყურადღებოა მათი გავლენა სარეცხის მანქანაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სარეცხი საშუალება შეიცავს, მანქანის ნაწილებსაც აზიანებს. მე რეკომენდაციას ვუწევ ხოლმე სარეცხ სითხეებს, რადგან ის კარგად იხსნება როგორც ცივ, ისე ცხელ წყალში და ნადებს არ ტოვებს სარეცხის მანქანაში. შესაბამისად, არ ზიანდება მისი სპირალი. მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ სარეცხის მანქანა კარგად არ ავლებს და ნადებს ტოვებს ტანსაცმელზე. მინდა გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს სარეცხი ფხვნილის ბრალია და არა - მანქანის. როგორც გითხარით, სარეცხი სითხე უკეთესად იხსნება წყალში და ის ტანსაცმელზეც არ დაგიტოვებთ ლაქებს.
სჭირდება თუ არა მანქანას გაწმენდა და რა ინტენსივობით?
არსებობს სარეცხი საშუალებები, უმეტესად სითხეები, რომელთა შემადგენლობაც წყლის სიხისტეს ანეიტრალებს. თუ თქვენ აღნიშნულ სითხეებს იყენებთ, მანქანის ხშირი გაწმენდა საჭირო აღარ არის. თუმცა მანქანაში მაინც გროვდება ტანსაცმლის მცირე ნარჩენები და მათი გარკვეული პერიოდულობით გამოსუფთავება აუცილებელია. საწმენდად გამოიყენება როგორც სპეციალური სითხეები, ისე ლიმონმჟავა. მათი გამოყენებით ცარიელი მანქანა მაღალ ტემპერატურაზე უნდა ამუშაოთ.
შეიძლება თუ არა მანქანაში მყარი ნივთების გარეცხვა?
მაგარი ნივთების, მათ შორის, ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხ მანქანაში რეკომენდირებული არ არის. თუ ტანსაცმელს დიდი ღილები ან ელვა აქვს, ეცადეთ, ის შიგნიდან მოაქციოთ, რომ ბარაბანზე ნაკლები შეხება ჰქონდეს.