თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ მოკლული 19 წლის ბიჭის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მოკლული რადიმ ყურბანოვის მამის თქმით, მისი შვილის მკვლელობა, 10 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ, რომ ოჯახი და მთელი მათი საგვარეულო გადასახლდეს ამ სოფლიდან. 10 წლის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარში სამწყემსად იყო მამაჩემთან ერთად, იქ გვქონდა თოფი. ამ მკვლელის ძმამ აიღო და შემთხვევით გაისროლა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ და პოლიციამ არ გაგვამტყუნა, მაგრამ მამაჩემი მაინც იჯდა ციხეში.
ახლა ამათ შვილი მომიკლეს, არ გაჩერდებინ და არც ჩვენ გავჩერდებით. პოლიციას რომ ჩაბარდა, ეს საკმარისი არ არის. გადავწვავთ მათ სახლებს“, - განაცხადა მოკლული ახალგაზრდის მამამ, რადიმ ყურბანოვმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა პირველ თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა სოფლის მეჩეთის წინ მოხდა.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.