ავტორი:

"ჩემი კოლექციის ჩვენებას ჯექსონის მამა დაესწრო, 7 კაბა რონალდინიოს დედამ წაიღო" - პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს

"ჩემი კოლექციის ჩვენებას ჯექსონის მამა დაესწრო, 7 კაბა რონალდინიოს დედამ წაიღო" - პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს

"ის, რომ მოდის კალენდარში ჩემი სახელი დიორის და შანელის გვერდით მოიხსენიება, ეს ჩემთვის უკვე ყველაფერს ნიშნავს!" - ამბობს ფატუნა ბუშიჰედი. იგი პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერია, რომლის მიზანია საქართველოს მდიდარი კულტურა მთელ მსოფლიოს საკუთარი შემოქმედებით გააცნოს. სულ ახლახან ფატუნას მსოფლიო აღიარება ხვდა წილად. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დიზაინერს თბილისში ვეწვიეთ:

- საბედნიეროდ, დღეს მსოფლიო მოდის სფეროში უამრავი წარმატებული ქართველია... რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მეხუთე წელია საფრანგეთში, პარიზში ვმუშაობ. საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ წელიწადში ორჯერ ჩემი ნამუშევრების წარდგენა პარიზში მიწევს. იმ კალენდარში, რომელიც მოდის ფედერაციის მიერ არის დამოწმებული, მაღალი მოდის კვირეულის ერთერთი ქართველი სტუმარი გახლავართ.

- სულ ახლახან მსოფლიომ გაღიარათ როგორც ქართველი ოტკუტურის (მაღალი მოდა, სადაც ყველაფერი ხელით იქმნება)წარმომადგენელი...

- ყველა ჩემს ნამუშევარს ძალიან დიდი ემოცია ახლავს და ამის დანახვაც ნიჭია! იმ ხალხში მოვხვდი, რომლებმაც ზუსტად ის ფატუნა დაინახეს, რომელიც ცდილობს მის ნამუშევრებში რაც შეიძლება მეტი არტი იყოს! ჩემი სამოსი არ იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ გასხვისდეს. ეს ჩემი შემოქმედებაა, რომელიც მსურს ჩემთან დარჩეს. ინსპირაციისთვის ვისმენ საუკეთესო მუსიკას, ყველაფერს თემატურად ვარჩევ... მაგალითად, ადრე მქონდა ლუვრზე, ვერსალზე გაკეთებული კოლექცია... ლუი მეთოთხმეტის საძინებლის, მარია ანტუანეტას ბიბლიოთეკის ფრაგმენტები გადმოვიტანე კაბებში. როდესაც ასეთ ნამუშევრებს ვქმნი, ძალიან ღმად ვეცნობი მასალებს, გაცილებით მეტი ინფორმაცია რომ ავიღო ლიტერატურული თუ ისტორიული წყაროებიდან. ძირითადად კაბებს ვქმნი და "ჩემს გოგოშკებს" ვეძახი. თვითეული კაბის შექმნა იმდენად დიდ ენერგიას მოითხოვს, როგორც ბავშვის მოვლა და ფეხზე დაყენება. შენ ქმნი და მერე თვითონ საუბრობს ნამუშევარი შენს შესახებ. ჩემი კაბები ყვებიან ჩემს შესახებ!

- ანუ ხელოვნება უპირველესია თქვენს ნამუშევრებში?

- ჩვენ უზარმაზარი კულტურა გვაქვს! ვფიქრობ ჩემი მისია ის არის, რომ საქართველო მსოფლიოს ხელოვნებით გავაცნო. მე არაფერი არ შემცვლის, სულ რომ მსოფლიოს პირველ დიზაინერად მაღიარონ! ამას რასაკვირველია სიტყვაზე ვამბობ, თუმცა იქეთ მივილტვი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო შემოქმედი ვიყო. ამისთვის ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვშრომობ და მცდელობას შედეგი ყოველთვის მოყვება! მსურს წარვადგინო ჩემი თავი ჩემი ფესვებით, რომ მე საუკეთესო ქვეყნიდან - საქართველოდან ვარ!

ადრე მქონდა ჩვენება, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე სამოსი შევქმენი. წარვადგინე მესხეთი, ჯავახეთი, სვანეთი, გურია, სამეგრელო და ასე შემდეგ... ახლა ჩემი სურვილია მსოფლიომ გაიცნოს გია ნკოლაძის შესანიშნავი პოემა - "ქართ ზღაპარი ანი ბანი"... ეს არის შემეცნებითი, ფანტასტიკა, ფილოსოფია... ყველაფერი ერთად. გია ნიკოლაძე ძალიან თავმდაბალი ადამიანია და ყველა მეგობარი ვთხოვთ, რომ უკვე დროა მსოფლიოს გააცნოს რა საოცრებები შექმნა. პოემის შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. მისი პოემის ემბლემაა – ჯოკონდა, მონა ლიზა... გიორგის გადმოსახედიდან ჯოკონდას გამოხედვა – დედამიწის გამოხედვაა. დედამიწამ ამდენი რამ მოგვიძღვნა, ოთხი ელემენტი – მიწა, ცეხლი, წყალი, ჰაერი... ადამიანები კი როგორ ცუდად ვექცევით ამ ყველაფერს. კოლექციაც ამ ოთხ ელემენტს მივუძღვენი. ფერთა გამა იყო შეხამებული. მაგალითად, ჰაერი იყო წყლისფერი, მოცისფრო... თვითეული დეტალი მოძრავი იყო. ემოცია იგრძნობოდა, რომ ეს იყო გალაქტიკა, რაღაც არაამქვეყნიური და თან ამავდროულად ქალის სილუეტი არ იკარგებოდა. თითოეული ქალის მაკიაჟი ჯოკონდას მსგავსად მინიმალური, აბსოლუტურად ფერმკრთალი იყო.

მანამდე კლოდ მონეს ბაღებზე მქონდა კოლექცია... ალექსანდრე მესამის ხიდის სინთეზი გავაკეთე, კომბინაცია. კაბებს არქიტექტურული დატვირთვა ჰქონდა, თითოეული ფრაგმენტი ხიდის ელემენტით იყო გადმოტანილი. როდესაც კლოდ მონე ამ ხიდზე იდგა, მას მოსდიოდა ფანტაზია, რომ დაეხატა... მისი ნამუშევრები გადავხატე პატარა ტილოებზე და ბროშის სახით კაბებში გადავიტანე. ჩვენება ერთ-ერთი განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რომელიც არაამქვეყნიურ კოლექციად აღიარეს.

- თბილისში თუ გაქვთ ჩვენებები?

- არა! მირჩევნია ჩემი სამშობლოს სახელი საზღვარგარეთ წარვადგინო, ყველამ გამიცნოს, რომ მე ვარ საქართველოდან, ქართველი... მანამდე ვმოღვაწეობდი ამერიკის ძალიან ბევრ შტატში, მონაკოში, ბრიტანეთში, ნიცაში... ამჯერად მხოლოდ პარიზში ვარ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ძალიან მახარებს მოდის სფეროში რომ ქართველები მწვერვალებს აღწევენ. მაგალითად, დემნა გვასალია. ჩვენ ადრე ერთმანეთს ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით, ერთმანეთის შემოქმედებას ვიწონებდით. მეამაყება თითოეული ქართველის წარმატება - ეს დიზაინერი იქნება, პოეტი, ფიზიკოსი თუ ასე შემდეგ... ადამიანი, რომელიც რაღცას ქმნის, ყველას ნათესავად მივიჩნევ.

- თქვენი სახელისა და გვარის მიხედვით ბევრს ალბათ უცხოელი ჰგონიხართ?

- ხუმრობით გეტყვით, ხანდახან უცხოპლანეტელიც კი ვარ... როდესაც ნამუშევრებს ვქმნი, ზოგჯერ იმდენად გადავეშვები მაღალ ხელოვნებაში, მხატვრულად რომ ვთქვათ, მართლაც გავდივარ ამ სამყაროდან და იქედან დაბრუნებულს სამოსი შექმნილი მხვდება... რაც შეეხება სახელს და გვარს, ჩემი ნამდვილი გვარი გიორგაძე გახლავთ, მაგრამ უკვე 15 წელზე მეტია მეუღლის გვარს – ბუშიჰედს ვატარებ. ჩემი ბრენდი უფრო მეტად სახელით – "ფატუნა" გაიცნო ევროპამ. ფატუნა ბუშიჰედი უფრო გრძელი სახელწოდება იყო, თუმცა ჟურნალისტებისთვის საინტერესო. სულ აინტერესებდათ ჩემი კოლექციის უკან ვინ იდგა.

- როგორც ვიცი თქვენი ნამუშევრები არ იყიდება და თქვენთვისვე იტოვებთ...

- დიახ, მირჩევნია ჩემს სახელოსნოში დარჩეს. პარიზში მაქვს საჩვენებელი ოთახი, სადაც ცნობილი ადამიანების მენეჯერები, პროდიუსერები მოდიან, ირჩევენ კოლექციას, 6 თვის მანძილზე კოლექცია ცოცხალია, იღებენ სხვადასხვა ჟურნალებისთვის ფოტოებს, მიღებაზე იმოსებიან, წითელ ხალიჩაზე გადიან, აშუქებს უამრავი პრესის წარმომადგენელი და 6 თვის შემდეგ კოლექცია უკვე საქართველოში, ჩემს საჩვენებელ ოთახში ინაცვლებს.

- საქართველოში გვყავს პირველი ქალი პრეზიდენტი... თუ გაქვთ სურვილი მისთვის სამოსი შექმნათ?

- ჩემთვის ქალი იმდენად ძვირფასია, საერთოდ ადამიანი და მითუმეტეს წარმატებული, რასაკვირველია სამოსს სიამოვნებით შევუქმნიდი... წარმატებულს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ადამიანს რომელსაც მუშაობა და განვითარება არ ეზარება, ჩემთვის მართლაც ძალიან განსაკუთრებულია! სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი ხნის წინ ვიცნობდი, ჩვენთან სტუმრად მოდიოდა. მისი ნათესავი ჩვენთან ცხოვრობდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ქალბატონი დედას ახლობელი იყო... როგორც მოგახსენეთ, მასაც შევუქმნიდი სამოსს, თქვენც და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი სურს "ფატუნა" ეცვას. ყველაზე დიდ ენერგიას მაძლევს როდესაც სურთ "ფატუნა" ეცვათ! ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და არ აქვს მნიშვნელობა მსურველი მსოფლიო ვარსკვლავი იქნება თუ დიასახლისი.

- ალბათ მსფლიოს უამრავ წარმატებულ ადამიანს პირადად შეხვედრიხართ...

- დიახ, უამრავი მათგანი ესწრებოდა ჩემი კოლექციის ჩვენებებს. მათ შორის მაიკლ ჯექსონის მამა, რომელმაც ძალიან ბევრი კომპლიმენტი მომიძღვნა. ჰოლივუდის კასტინგდირექტორი ელან ჯეკოპი, რომელმაც 330 ათას ადამიანს მისცა სამსახური ჰოლივუდში. მან გაზარდა ანტონიო ბანდერასი... რონალდინიოს დედამ წითელი ხალიჩისთვის ჩემი 7 კაბა წაიღო, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. ის, რომ მოდის კალენდარში ჩემი სახელი დიორის და შანელის გვერდით მოიხსენიება, ეს ჩემთვის უკვე ყველაფერს ნიშნავს!