ქალი აშშ-ში სველი თმით გარეთ გავიდა და თმა გაეყინა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.
პოლარული ყინვა აშშ-ში გრძელდება, ტემპერატურა რამდენიმე შტატში - 40 გრადუსამდე დაეცა. ამერიკელების დიდი ნაწილი „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“ აზიარებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორი ძლიერი ყინვაა გარეთ - მაგალითად, როგორ უცებ ცივდება და იყინება ადუღებული წყალი.
თუმცა, აიოველი ქალის, ტეილორ სკელონის ვიდეო, სადაც მისი თმა ვერტიკალურ მდგომარეობაში გაყინული ჩანს, ყველაზე პოპულარული გახდა. ტვიტერზე მას მილიონზე მეტი ნახვა, 41 მოწონება და 12 ათასი გაზიარება აქვს.
აშშ-ს რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიკის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.
აიოვაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, გარეთ ყოფნის დროს ეცადონ ღრმად არ ჩაისუნთქონ და ნაკლები ილაპარაკონ.