მოზარდს, რომელმაც ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორი თვის წინ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 27 ნოემბერს ლისის ტბაზე ავტომობილის დაჯახების შედეგად 18 წლის გოგონამ წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამა სამ მცირეწლოვან შვილს ლისის ტბის ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე ასეირნებდა. სწორედ ამ დროს გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ML-ს მაკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წლინახევრის გოგონას დაეჯახა. ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.
სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მ.ჯ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ვინაიდან ჩადენის მომენტში მ.ჯ არასრულწლოვანი იყო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. აღნიშნულ საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართოში დღეს გაიმართა, სადაც საქმის პროკურორმა გარდაცვლილი წლინახევრის გოგონას დედის წერილი წაიკითხა:
"გაფიქრებაც კი მზარავს იმისა, რომ შვილი აღარ მყავს. შვილი - რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი, დღეებს ვითვლიდი, რომ გულში ჩამეკრა მომიკლეს. შვილი, რომლის თვალებშიც ვხედავდი ჩემს ბედნიერებას. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებდა, 27 ნოემბერს სამუდამოდ დამიბნელეს. ეს ტრაგედია სამწუხაროდ, მხოლოდ ტასუნას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს უფროს შვილებს. მას შემდეგ პანიკური შიში აქვთ ავტომანქანის, გარეთ გასვლის, განათებულ ოთახში მარტო დარჩენის. მას შემდეგ ცალცალკე ლოგინშიც ვეღარ წვებიან და ერთად წვანან. რთულია ჩემთვის, როგორც დედისთვის გააზრება იმისა, რომ ამ ტრაგედიამ დაანგრია ჩემი ორივე შვილის ფსიქიკა და სამუდამოდ გააჩერა ტასუნას გულისცემა. ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, უჯრაში ჩალაგებულ ტანსაცმელს და მიჭირს გავაცნობიერო რომ ვიღაცის უპასუხისმგებლო გართობას შეეწირა ჩემი ტასუნას სიცოცხლე, რომ ის აღარასდროს შემომანათებს თავის ცისფერი, ბრჭყვიალა თვალებს. აღარასდროს გამაცილებს ტკბილი კოცნით სახლიდან და აღარასდროს დამხვდება სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შეძახილებით – დედა" - წერია ლანა უნდილაშვილის წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლისის ტბაზე მსჯავრდებულს შეყვარებული ავტომობილის მართვას ასწავლიდა. არცერთ მათგანს მართვის მოწმობა არ ჰქონდა.