ავტორი:

ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"

ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"

ფაქტია, რომ კადრების გავრცელება ემთხვევა იმ ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული შსს-ში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებას არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს.

"შსს-ს, საგამოძიებო ორგანოს და პროკურატურას არანაირი მოტივაცია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. ამ საქმის გამოუძიებლობა ისევ დააზარალებს ჩვენი ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოებს. ამიტომ თუ ლოგიკას გავყვებით, მე წესით საფუძველი უნდა მქონდეს ვიფიქრო, რომ მათ ინტერესებშია ამ დანაშაულის ბოლომდე გახსნა. მათაც ძალიან კარგად ესმით ეს. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, ჩემი განწყობაც ვუთხარი, ჩემი ეჭვებიც და ვარაუდებიც გავუზიარე. ფაქტია და ვერ გავექცევით იმას, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს, იმ ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს მეც და რამდენიმე ადამიანს იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ. ამ ქვეყანაში რომ დარჩეს დამოუკიდებელი სასამართლო და არა ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამტარებელი სასამართლო სისტემა, ამისთვის ბრძოლა არის ის პროცესი, რომელშიც რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდების გამოყენება მიჩნეული იქნება, როგორც ტერორი ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ. ეს მიზანი მიუღწეველია, მაგრამ ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ბესელიამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სია გაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა შსს-ში შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარია გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორამდე მივიდეს.

"შევხვდი მინისტრის მოადგილეს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც ეს გამოძიება მიჰყავს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა, რომ მე მეთქვა გარკვეული მოსაზრებები და ასევე მიმეღო ინფორმაცია. რამე საგამოძიებო მოქმედება ჯერ არ დაგვიგეგმავს. ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები გავაფრთხილოთ, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულევრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება და განხორციელება, ასევე შენახვაც სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. რამდენიმე პირი დაკავებულია, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის გაზიარებას ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადამოწმება, მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. რეგიონებშიცაა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში. ჩემთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები დაცულები იყვნენ ასეთი უკანონო ქმედებისგან, აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, იმ სათავესთან საიდანაც დაიგეგმა ამის განხორციელება", - განაცხადა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები