ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მომხდარის დეტალები უცნობია.
მკვლელობის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.