ავტორი:

"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ალექსანდრე გეჯაძეს უჩივის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ექსპერტების წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს.

„პროკურატურაში განცხადების შეტანას ვაპირებ, გაყალბებული ალტერნატიული ექსპერტიზის გამო, ექსპერტებს ალექსანდრე გეჯაძეს, ასევე მასთან ერთად მეორე ექსპერტს გაგუასაც ვუჩივი.

ასევე, საჩივრის შეტანას ვაპირებ ჩემი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმაც არაერთხელ დამისვეს კითხვა, მე კი, თავის მართლება მიწევდა. ამ ადვოკატის ქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩემ დაკარგულ შვილზე ვიფიქრო, თუ ამ ადვოკატის სისულელეებზე“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მან გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა იმ კოლეგიის თავმჯდომარეს მიმართა, რომელმაც მისი შვილის მკვლელობის საქმე უნდა განიხილოს. ნაცვლიშვილი მოსამართლე მურმან ისაევს თხოვნით მიმართავს, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეს.

„წერილში მოსამართლეს ვთხოვ, საშუალება მომცეს, სასამართლო მიმდინარეობისას ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. წერილშიც აღვნიშნე და იმედი გამოვთქვი, რომ მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არ შეცვლის და ძალაში დატოვებს. აქვე დავძენ, რომ გამოძიებას, პროკურატურას სრულად ვენდობი. ჩემი შვილის მკვლელობაში გრიგალაშვილის დანაშაული სასამართლომაც დაადასტურა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

აღნიშნული საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან იწყებს. პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2018 წლის 22 თებერვალს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას ანა ნაცვლიშვილი სახლიდან გაიხმო და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს