ავტორი:

"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

"მეშინია, რომ ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდება..." - ყოფილი ცოლ-ქმარი ორ შვილს ვერ იყოფს და ერთმანეთს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს

5 წლის ვატოს და 9 წლის ნიკოლოზის მამა, პაატა თაბუკაშვილი ყოფილ მეუღლეს, ნათია სამხარაძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს. თაბუკაშვილის განცხადებით, დედა ბავშვებზე ძალადობს და მათ ფულის გამოსაძალად იყენებს.


მამა ამბობს, რომ უმცროსი ვაჟი 10 თვის იყო, როცა დედამ მასზე ფიზიკურად იძალადა და ამის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს. დავამ ყოფილ მეუღლეებს შორის, სასამართლოში გადაინაცვლა და შვილები მშობლებს ორი კვირის მონაცვლეობით მიაკუთვნა. თაბუკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანის დღიდანვე არ სრულდება და მას უმცროსი შვილი თვეებია არ უნახავს, უფროს შვილზე კი დედამ უარი თქვა და ბიჭი მამასთან იზრდება.

პაატა თაბუკაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს:

"ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმოდა ბავშვებს თავს. როგორ შეიძლება, ბავშვი უკნიდან მოვიდეს, მოგეფეროს, შენ ხელი მოკიდო და იატაკზე დაანარცხო?! მაშინ ნიკოლოზი 5 წლის იყო. ეს ხდებოდა სისტემატიურად. ძალიან ელემენტარულზე შეიძლებოდა ბავშვი მაგრად ეცემა. სანამ ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვას და დავას დავიწყებდი, არავინ მიჯერებდა. თვითონაც ამბობდა - ვერაფერს მიზამ, მე დედა ვარ და არავინ არაფერს დაგიჯერებსო. ძალადობის კულმინაცია ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ამ ვიდეოში ის აბსოლუტურად უმიზეზოდ ესხმის 10 თვის ვატოს თავს. ეს იყო ბოლო, რის შემდეგაც ის სახლში აღარ შემომიშვია.


VIDEO: "გადმოვარდეს, გაუსკდეს თავი და დავისვენებ" - თბილისში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს


სასამართლოში სარჩელი პირველად მან შეიტანა. ბავშვებზე არ ჩიოდა, მაგრამ იმ ეტაპისთვის ჩემს სახელზე არაფერი არსებობდა და არც არაფერი გამოვიდა. შემდეგ, მოითხოვა 80 000 დოლარი - ფული მომეცი და ეს პატარა ბავშვი წაიყვანეო, მითხრა. მაქვს მიმოწერები, სადაც ის მეუბნება, თუ გინდა, ბავშვი ერთი საათით გაჩვენო, „აიფონ 6“, „აიფონ 7 პლუსი“ მიყიდეო. ვუთხარი, რომ 80 000-ს ჩემი ადვოკატი მიუტანდა, მაგრამ ფულის აღებაზე ხელი არ მოუწერა. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ამით დამთავრდა.



რეალურად, ეს ქალი ბავშვებს სავაჭროდ იყენებს, რომ ვიღაცას ფული გამოძალოს. გასული წლის 18 მარტის სასამართლოს დადგენილება, რომ თვის პირველი ნახევარი, ორივე ბავშვი უნდა ყოფილიყო ჩემთან, თვის მეორე ნახევარში ორივე ბავშვი დედასთან უნდა ყოფილიყო - გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არ სრულდება. განა მხოლოდ შვილს არ მატანდა, მეორე ბავშვი არც მიჰყავდა. თუმცა, სოციალურ სამსახურს, სამართალდამცველებს ატყუებდა, თვალთმაქცობდა რომ ბავშვს არ ვატანდი. უამრავი ვიდეო მაქვს, სადაც ჩანს, რომ მასთან უფროსი ბავშვი მე მიმყავს და ის ქუჩაში ტოვებს, პირდაპირ ეუბნება შვილს - „მე შენ არ მჭირდები, არ წაგიყვანო“.


VIDEO: "გადმოვარდეს, გაუსკდეს თავი და დავისვენებ" - თბილისში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს


ამ ქალბატონმა დაუსჯელობის სინდრომი იმდენად იგრძნო, ბოლო 3 თვე უმცროსი შვილი საერთოდ დამიმალა, წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. მას უფროს ძმასთან კონტაქტიც ჩაუხსნა. უფროსი ჩემთან არის, დედას არც მიყავს. უმცროს ბავშვსაც თვითონ კი არ ზრდის, ბებია, ანუ დედამისი ზრდის. ის ქალიც ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში აქტიურადაა ჩართული. დედობის უფლების ჩამორთმევაზე მოთხოვნა არ დამიყენებია, რადგან ბავშვების ინტერესებზე ვზრუნავდი. არ მინდოდა, ბავშვებს ამის კომპლექსი ჰქონოდათ.



- ამბობთ, რომ 3 თვეა, თქვენი შვილის ადგილსამყოფელი არ იცით. სამართალდამცველებს არ მიმართეთ?


- უამრავჯერ. ახლახანს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ინფორმაციის მოძიება დაიწყეს, დოკუმენტაცია გამოითხოვეს. სანამ ეს პირადად არ შემეხო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სოციალური სამსახური საქართველოში ხელფასს აბსოლუტურად ტყუილად იღებდა. ისინი აბსოლუტურად არაფრისმაქნისები არიან! არ ვიცი, რისი ბრალია, იურიდიული ბაზა არ გააჩნიათ, რომ ეს ყველაფერი რეალურად წაიყვანონ ისე, როგორც უნდა წავიდეს, თუ უბრალოდ სურვილი არ აქვთ.


როცა ვაკის სოციალურ სამსახურში მივედი, ინტრიგანი მიწოდეს და პატრული გამოიძახეს. თურმე, არასწორად ვითხოვ ჩემი შვილის წაყვანას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ხელში მაქვს. ერთადერთ რამეს ვითხოვ: ბავშვები არ დაშორდნენ, ძმები იყვნენ ერთად და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებაში მოვიდეს. სადაც მამამ შევძელი ბავშვთან კონტაქტი, როგორ შეიძლება დედამ ვერ შეძლოს ბავშვთან კონტაქტის დამყარება, რომ მასთან წავიდეს?!



- თუ თვლით, რომ თქვენი მეუღლე ბავშვებზე ახლაც ძალადობს, რატომ გინდათ შვილები მასთან იყვნენ?


- მინდა, რომ ბავშვებს რაღაც ფორმით მაინც ჰქონდეთ კონტაქტი, ოღონდ ეს ვიღაცის თანდასწრებით მოხდეს. საფუძვლიანი შიში მაქვს, რომ ბავშვებს ფიზიკურად შეიძლება გაუსწორდეს. ბავშვმა არაერთხელ თქვა, რომ მას სახლში ფიზიკურად უსწორდებიან, როცა სახლში მამას, ან ძმას ახსენებს.


სამართალდამცავებს ვთხოვ, დამეხმარონ, როგორმე აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. გამოუწერონ ამ ქალბატონს გაფრთხილება, ჯარიმა. ჯარიმის გამოწერასაც ვერ მივაღწიე. გაუთვალისწინებელი და ცუდი რამ რომ მოხდეს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ამაზე სოციალური სამსახურისგან პასუხი არ მაქვს.


ბავშვების დედის პოზიცია

საპირისპიროს ამტკიცებს ბავშვების დედა, ნათია სამხარაძე და აღნიშნავს, რომ მოძალადე მისი შვილების მამაა. ქალის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო ბავშვებზე ძალადობაში მის ბრალეულობას დაინახავდა, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებდა. სამხარაძის განმარტებით, ყოფილი მეუღლე მასზე ორსულობის დროსაც კი ძალადობდა. ის უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მამამ შვილის ადგილსამყოფელი არ იცის. "როგორ არ იცის ბავშვი სად არის? ბავშვს უკავშირდება, სატელეფონო კავშირი აქვს, თუმცა ბავშვს არ სურს მამასთან საუბარი, როცა მამა რეკავს, მკაცრად ამბობს, მე არ მალაპარაკო, შენ უთხარი, ვატოს შენთან საუბარი არ უნდაო" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნათია სამხარაძემ.


მისივე თქმით, თუ რამე დანაშაული აქვს, ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს და სოციალურ სამსახურს შესაბამისი რეაგირება ექნებოდათ.


"ამ ადამიანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ის 6 თვის განმავლობაში ვერ მომეკარება. საპატრულო პოლიციას ჩემი პოზიცია დავუფიქსირე, მუქარას აქვს მამის მხრიდან ადგილი, რეკავს ტელეფონზე. თუ არ ვუპასუხე, სხვადასხვა ნომრებით რეკავს, ჩემზე მუქარა მიდის. თუ ბავშვი არ გაყვება, ძალით სურს რომ წაიყვანოს. 5 წლის ბავშვი, რომელიც დაბადებიდან დედასთან იზრდება, გავაგდო, ძალით გაყვეს მამას? ბავშვს არსად ვმალავ, მის ძმასთანაც აქვს კონტაქტი.


სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა პირველ რიგში ბავშვების მამიდან დაიწყო, ეს სოციალური სამსახურის დოკუმენტებით დასტურდება. უფროსი შვილი, ნიკოლოზი მიითვისა, დღემდე არ მეძლევა უფლება საკუთარი შვილი სკოლაშიც კი ვნახო. მასზე არანაირი უარი არ მითქვამს. დღემდე არიგებს ბავშვს, რომ დედა ცუდია.


ეს კაცი ტიპიური მოძალადეა, მოძალადე იყო ჩვენი დაქორწინების დღიდანვე. ჩემამდე ჰყავდა მეუღლე, ისიც იგივე პრობლემით გაშორდა, ძალადობდა პირველ მეუღლეზეც. მოძალადე მამაა, ძალადობს ბავშვებზე ფსიქიკურად და მათ ფაქტობრივად, ფსიქიკა შეურყია.


რაც შეეხება ფულის თხოვნას, მეცინება, თვითონვე ავიწყდება 45 წლის კაცს, ბაღში მიდის და ამბობს, 80 000-ს ვთხოვდი, მეორე ბაღში, თითქოს, 15 000-ს ვთხოვდი, მეზობლებთან ამბობს, რომ სახლის დათმობას ვთხოვდი.



- თქვენმა ყოფილმა მეუღლემ მიმოწერა გვაჩვენა, სადაც თქვენ წერთ, რომ თუ "აიფონს" გიყიდდათ, ბავშვს ზაფხულში მასთან ერთად დასასვენებლად გაუშვებდით...


- მიმოწერა იყო ხუმრობით. ის იწერს ყველანირ საუბარს, ქუჩაშიც კი მიღებს კამერით. ერთს ვიტყვი, ეს ადამიანი იყო მოძალადე ქმარი და მოძალადე მამაა! ამ ადამიანთან ცხოვრება ჩემს შვილს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის.


რას ამბობენ სოციალური მუშაკები?

ძველი თბილისის სოციალური სამსახურის მუშაკი, თეა ელიზარაშვილი თაბუკაშვილ-სამხარაძის დავას კარგად იცნობს. ის პერიოდულად, განცხადებების შეტანის დროს ახორციელებდა უფროს ბავშვზე ზედამხედველობას. როგორც ელიზარაშვლი ამბობს, მშობლები ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ.


"ამ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლიდან ვმუშაობ. პირველი შეფასებისთანავე, ფსიქოლოგს მივმართე, რათა მას უკეთესად შეესწავლა მდგომარეობა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლების პოზიცია. ფსიქოლოგს სამჯერ მივმართე, თუმცა მისი რეკომენდაციების მიუხედავად, შედეგი ვერ მივიღეთ. მშობლები ძირითადად, ურთიერთბრალდებებში, ყველა პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალებაში არიან.


ვცდილობდით, მშობლებს გაეაზრებინათ, რომ შვილები თავიანთი კინკლაობის მსხვერპლი არ ყოფილიყვნენ. ბოლოს, თითქოს, მდგომარეობა დასტაბილურდა. ამ ეტაპზე აღსრულება ვაკე-საბურთალოს რაიონში მიმდინარეობს, რადგან განცხადება აღსრულების თაობაზე მამას აქვს შეტანილი და ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე არ არის.


უფროსი ბავშვი არის მამასთან, შეგუებულია იმ გარემოს, სადაც იზრდება, სრულიად ადაპტირებულია და თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ბავშვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან უნდა ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა.



- ბავშვს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, თუ თავად დედა ამბობს მასზე უარს?


- ბავშვი აპროტესტებდა დედასთან საცხოვრებლად გადასვლას. ჩვენი ჩართულობაც იქითკენ იყო მიმართული, რომ დედასა და შვილს შორის დადებითი ურთიერთობა დამყარებულიყო.



- თუ ამბობდა ბავშვი, რატომ არ სურდა დედასთან ყოფნა? მამის განცხადებით, ის ბავშვებზე ძალადობს.


- ბავშვი დედის მხრიდან ძალადობაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ნანახი მაქვს კადრები, როცა უმცროსი ბავშვი 11 თვის იყო და დედა მას ხელისკვრით იშორებდა საწოლზე. ამ კადრების საფუძველზე საუბრობს მამა. როცა ეს კადრები პირველად ვნახე, მამას ვკითხე, როგორ შეეძლო ამის ყურება და გადაღება, როცა ხედავდა ბავშვი ტიროდა და მას დედა იშორებდა. მამამ ასეთი პასუხი გამცა: ასეთ ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, არავის სჯეროდა და გადაღება დავიწყეო. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ფსიქოლოგები ჩართულიყვნენ. ამ ეტაპზე ბავშვზე დედის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ აქვს.


მეორე ბავშვთანაც რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა. როცა ბავშვი დედასთან ერთად მოდის, ბუნებრივად, თავისუფლადაა, თუმცა, იგივეს მამის მისამართითაც გამოხატავს. ძალიან უყვარს მამის მეორე მეუღლეც, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. დედის მხრიდან ძალადობაზე პატარისგან ინფორმაცია არ მქონია. თუმცა, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა მამამ ის ჩვენთან მოიყვანა, დედამ ხელი ჰკრა და რაღაც დაუზიანაო, თუმცა, ბავშვმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.


რაზეც მამა საუბრობს - ძალადობის ფაქტების ვიდეოკადრები, აუდიოჩანაწერები მას წარდგენილი აქვს სასამართლოში. ამ ყველაფრის, ასევე ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების დასკვნაზე დაყრდნობით სასმართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 15 დღე ორივე ბავშვი დედას, 15 დღე ორივე შვილი მამას მიეკუთვნა.



- ბავშვების მამა სოციალურ სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თქვენ ძალადობის ამსახველი მასალა გაქვთ, თუმცა, სათანადო ზომებს არ მიმართავთ. ის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება.


- ამ ეტაპზე ჩვენთვის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მამას აღარ მოუმართავს. როგორც გავარკვიე, განცხადება შესულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში და აკვირდებიან. დედას და მამასაც მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციები აქვთ, სამწუხაროდ, ჩვენი, ფსიქოლოგების რეკომენდაციებზე შედეგი არ მიგვიღია.


მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს წარმომადგენელი, იურისტი გიორგი კუპრეიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმის წარმოება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედის მიმართ სანქციის შეფარდების საკითხზე მიმდინარეობს. წარმოება მოცემულ ეტაპზე დასრულებული არ არის. თუ რას გადაწყვეტს აღნიშნული სამსახური მტკიცებულებების შეკრებისა და გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პირველ ჯერზე დამრღვევ მხარეს სანქციის სახით გაფრთხილებას აძლევენ, მეორე ჯერზე 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო, აღნიშნული ფაქტის კვლავ განმეორების შემთხვევაში, ეს საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაეცემა.


"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე

პოლიციამ გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?