ავტორი:

"დავბანე, დავაძინე და დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდაო..." - რა უამბო გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ ადვოკატს

"დავბანე, დავაძინე და დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდაო..." - რა უამბო გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ ადვოკატს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ლელა ქსოვრელს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. ქალს არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ქსოვრელს სახელმწიფომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა და ახლა მის ინტერესებს ნინო ტაბატაძე იცავს. ადვოკატი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დედის განმარტებით, 4 წლის ნინო ზალინაშვილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე იყო და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც საკუთარ თავს დაზიანებებს თავად აყენებდა.

გთავაზობთ ამონარიდებს "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

- ქალბატონო ნინო, რატომ გამოიწერა 6 იანვარს ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდენი ბავშვის ცემის გამო?

- საკითხავია, რამდენად კანონიერად გამოიწერა 6 იანვარს შემაკავებელი ორდერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს და საქმეშიც მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, რომ ის არ ძალადობდა ბავშვზე. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, არ აქვთ არანაირი შემოსავალი. ბავშვი იყო აუტისტური სპექტრის და წყლის ეშინოდა. საჭმელს თუ განავალს, ყველაფერს თავზე ისვამდა და დედა იძულებული იყო, ხშირ-ხშირად დაებანა. ჭიქითაც რომ მიეტანათ წყალი, ბავშვი ისტერიკულ კივილს ტეხდა და სწორედ ამ კივილის გამო შეწუხდნენ მეზობლები. არ არსებობს თვითმხილველი, რომელმაც მშობლის ძალადობა დაინახა.

- რისგან მიიღო დაზიანებები 6 იანვარს? ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვის ფოტო, სადაც მას უამრავი დაზიანება აქვს, მთელმა ქვეყანამ ნახა...

- 6 იანვარს აბანავებდა. ტაშტში ჰყავდა ჩასმული და ხელიდან გაუსხლტა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ხარივით ძალა ჰქონდა. ხელს ვუჭერდი, რომ როგორმე დამეკავებინა და ტანზე დალურჯებები ალბათ ამის გამო აქვსო. ხელიდან რომ გამისხლტა, პლასტმასის ტაშტი გადატყდა, ზედ წაიქცაო. დაბანის დროს კედელსაც ეხლებოდა. მერე წაიქცა და სახეზე დაზიანებები მაშინ მიიღოო.

ბავშვი ვერ მეტყველებდა, ვერ ყლაპავდა, რაქიტული იყო და ხშირად ეცემოდა. დედა ცდილობდა, მასაჟები გაეკეთებინა მისთვის, რომ ხშირად არ დაცემულიყო. უნდოდა საბავშვო ბაღში ეტარებინა. მასაჟებისთვის დაფინანსება მოითხოვა მერიისგან და ეს დევს საქმეში.

- ორდერის დარღვევას ედავება გამოძიება ლელა ქსოვრელს?…

- დიახ და ორდერს გასაჩივრების ვადა ჰქონდა, მაგრამ ამ ქალს დაბალი სამართლებრივი განათლება აქვს და არც მოუკითხავთ ეს ამბავი. შემაკავებელი ორდერი რომ გამოწერეს, იქ შემოხაზულია, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება და რაიმე სახის კომუნიკაცია ეკრძალება. იქ წერია ასევე, რომ მსხვერპლი უნდა განრიდებულიყო მოძალადისაგან. ეს ბავშვი კი მისგან არავის გაუყვანია. პატრულმა ბავშვი იაშვილის კლინიკაში დატოვა.

ორი დღის მერე იაშვილის კლინიკა მშობლებს ეძახდა, გინდათ თუ არა, ბავშვი გაიყვანეთ აქედან და თან დავალიანება, 650 ლარი გადაიხადეთო. ეს ოჯახი ამ თანხის გადამხდელი, რა თქმა უნდა, არ იყო. რაღაც კალკულაციით ჩამოუყარეს 86 ლარზე და დღემდე აქვთ ის დავალიანება - ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ ის დავალიანება ეკისრება ოჯახს.

შესაბამისად, ორდერი დაირღვეოდა, რადგან კლინიკამ აიძულა ოჯახი, რომ ბავშვი გაეყვანა და მისთვის არც არავის მიუკითხავს. რა ექნა დედას, რომელსაც დავარდნილი, მოხუცი დედამთილი და კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სახლში? ყველა დაეყარა და წასულიყო?! თან შემაკავებელ ორდერს არ ეწერა, რომ ქალი არ უნდა მისულიყო იმ ოჯახში, არამედ ბავშვი უნდა განრიდებულიყო.

- რა მოხდა 22 იანვარს, რისგან გარდაიცვალა პატარა გოგო?

- სიცხემ აუწია, ახველებდა და წამლები მივეციო, ამბობს დედამისი. მისი სხვა შვილებიც გაციებულები ყოფილან და მათაც იგივე წამლები დაალევინა. დავბანე, დავაძინე და დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდაო. ამბობს, რომ ამ ბავშვს მამინაცვალი თან ჰყვებოდა და თავის შვილებზე მეტად ეცოდებოდა.

...ქალი ამ ამბავს ძალიან განიცდის, რადგან აშკარად უყვარდა. მხოლოდ მაგ ამბავს კი არა, იმაზეც წუხს, სად და როგორ იქნება მისი ორი მცირეწლოვანი შვილი მის გარეშე.

- როდესაც ადამიანს განათლება არ ჰყოფნის, ალბათ შეიძლება წამლებიც კი შეცდომით მისცეს და ამით საკუთარი შვილი დააზარალოს, წამლები მისცეს, დააძინოს და ბავშვმა ვეღარ გაიღვიძოს. ეს საკითხი თუ განიხილება?

- ეს ვერსია პირველად მესმის. ჯერ ერთი, ამ ქალს უმაღლესი განათლება აქვს. დაწყებითი და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგია, მრავალი სიგელიც აქვს მიღებული და მრავალი პროექტი აქვს მოგებული. მე ვთქვი, რომ სამართლებრივი განათლება არ ჰქონდა და არც ნერვები, რომ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაესაჩივრებინა, თორემ… როდესაც ორდერი იწერება, სოციალურმა სამსახურმა უნდა გამოიყვანოს ბავშვი. შესაბამისად, მათ არ შეასრულეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი.

- ახლაც მუშაობდა პედაგოგად?

- არა, რადგან სამი პატარა ბავშვი ჰყავდა სახლში, თორემ ადრე მუშაობდა. რა წამლებიც სხვა შვილებს დაალევინა, ის წამლები მისცა ნინოსაც, ბავშვს იმ ფოტოზე დაზიანებები ისეთ ადგილებზე აქვს, რომელიც სწორედ დაცემის შედეგად შეიძლება მიიღოს და არა - ცემით.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს