კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებენ.
"მთავრობას და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა. გამკაცრება-ოპტიმიზაცია შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ რა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ ახალ მშენებლობებს, რაც შედარებით მარტივია, არამედ, დღეს არსებულ საბინაო ფონდს, ძველ კორპუსებს. იქ მთავრობა მზად არის და მერიასთანაც ვიხილავთ საკითხს, რომ გარკვეული პაკეტი შევთავაზოთ მოსახლეობას, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება.
კონკრეტულად ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟებას, ასევე ეს იმგვარად უნდა იყოს გაკეთებული, რომ მოსახლეს არ შეეძლოს თვითნებურად ელექტროენერგიის კვებიდან მათი გამორთვა, ასევე ეს იქნება სწორი და კვალიფიციური მონტაჟი გაზის დანადგარების და ასევე, სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია გაზის ექსპლუატაციასთან. საწყის ეტაპზე, ძველ კორპუსებში შეიძლება მოსახლეობას შევთავაზოთ ეს პაკეტი და ამ მიმარულებით ხარჯებიც გავიზიაროთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველასთვის ყოვლად სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან მოსახლე, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს, საფრთხეს უქმნის ყველა მეზობელს.
ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ფორმით მოხდება ხარჯების განაწილება, თუმცა, მზად ვართ გარკვეულ შეღავათიან პაკეტზე წავიდეთ", - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობის შესამოწმებლად სპეციალური ორგანოები შეიქმნება.
„მერია სრული მზადყოფნით ჩაერთვება ჩვენთან ბმაში რა თემაც შეიძლება იყოს, იქნება ეს კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების რგოლის გამოყენება უსაფრთხოების მიღწევისას თუ სხვა მიმართულება. მერია სრულად არის მზად. საუბარი იყო იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო რეჟიმში შემოვიდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე მაინც დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა თავისი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის შემოწმება მოახდინოს კვალიფიციურმა კომპანიებმა და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტს მივაღწიოთ. ასევე, საუბარი გვაქვს და ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებაც გაზის და ელექტროსისტემის გაყვანას და გამართულობას მიებას. ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ მანამ, სანამ სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეფექტურად და მოკლე დროში წარიმართოს და ცოტა უფრო მაღალი დონე შევთავაზოთ მომხმარებლებს უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა ხმალაძემ.