საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მსახურების დროს სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლებათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მასთან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.
სიწმინდეები, რომლებიც წმინდა ნინოს უკავშირდება
საქართველოში ბევრი სიწმინდეა, რომელთა მოლოცვას მუდმივად უამრავი ადამიანი ცდილობს. მათ სანახავად საქართველოში უცხოელი პილიგრიმებიც ჩამოდიან...
როგორც მორწმუნეები ამბობენ, თითოეული სიწმინდე სასწაულებს აღასრულებს, თუკი მლოცველი რწმენით მიეახლება...
ამჯერად მხოლოდ იმ სიწმინდეებზე გვინდა საუბარი, რომლებიც წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებელს უკავშირდება...
წმინდა ნინოს წყარო
ის ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, წყარო წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმინდა ნინოს წყარო. იქვეა განსაბანიც. იმ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი იკურნება.
წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
წმინდა ნინოს საფლავი
წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ უამრავმა ადამიანმა წმიდანის მცირე სარეცელი ადგილიდან ვერ დაძრა და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. მეფე წმინდანის გარდაცვალებას თავის სამეფოსთან ერთად გლოვობდა... მეფე მირიანმა, გარდაცვალების წინ, ნანა დედოფალს ანდერძად დაუტოვა: "თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმინდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან იმ ადგილს პატივის მიგება სჭირდებოდა.
XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა...
დღეს წმინდა ნინოს საფლავთან რწმენით მისული უამრავი ადამიანი იკრიბებოდა.
წმინდა ნინოს ჯვარი
ღვთისმშობელმა როდესაც საქართველოში წამოსასვლელად, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული, მან მორჩილების ნიშნად, მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, საქართველოსკენ გამოემართა. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო.
541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული... ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს მისი გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც, ჯვრის ფრთები დაშვებულია.
ისეც ყოფილა, რომ ჯვარი სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და მონასტერში ინახებოდა და დავით აღმაშენებელმა ის მცხეთას დაუბრუნა...
წმიდა ნინოს ჯვარი დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.
ჯვარი პატიოსანი
ის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და ერთ-ერთი იმ ჯვართაგანია, რომელიც წმინდა ნინომ სასწაულთმოქმედი ხისგან გამოაკვეთინა და მტკვრისა და არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი) აღამართვინა.
ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველსმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წმინდა ნაწილები.
მირიან მეფეს და ქართველობას ჯვრისთვის შესაწირი შეუწირავს და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ის სასწაულებსა და კურნებებს აღასრულებდა. ამ ჯვრის წინაშე, საუკუნეების განმავლობაში, ფიცის დადების ტრადიციაც არსებობდა.
1725 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცვული სიწმინდე, 1751 წელს, ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით დავით ავალიშვილმა.
1964 წელს ჯვარი ორჯერ გაუძარცვავთ.
2004 წლის 16 თებერვალს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მაშინდელმა მოადგილემ, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ჯვრიდან მირონდენა დააფიქსირა.
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა და რამდენჯერმე გაძარცვული ჯვარი, 2004 წლის 24 ივნისს, ძველი ქართული ტრადიციქული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში ჩააბრძანეს. საუკუნეებგამოვლილი ჯვარი-პატიოსანი, როგორც ამბობენ, სასწაულებრივად კურნავს სასოებითა და რწმენით მიახლოვებულთ.