მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 253 მილიონი ადამიანი მხედველობის პრობლემებით იტანჯება. ეს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3,3%-ს შეადგენს. აღნიშნული შემთხვევების 80%-ის თავიდან აცილება ან განკურნება შესაძლებელია. თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ოფთალმოლოგთან დროული კონსულტაციაა.
რა ინტენსივობით უნდა ვიაროთ ოფთალმოლოგთან, რომ პრობლემებისგან დაცული ვიყოთ? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი ოფთალმოლოგსა და ოფთალმოქირურგს - გრიგოლ ქამუშაძეს მივმართეთ.
ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
თვალის დაავადებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ნებისმიერ თვალის დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს მხედველობასთან დაკავშირებული შექცევადი და შეუქცევადი პრობლემები. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფთალმოლოგთან გეგმიურ ვიზიტს, გააჩნია დაავადებას და ასაკს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს თვალის ისეთი ტიპის პრობლემა, როგორიც არის მშრალი თვალის სინდრომი.
ყველაზე ხშირად რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ?
ამ მიმართულებით კანონზომიერებები არ არსებობს. ჩვენ ვმკურნალობთ პატარებს დაბადების პირველივე წლიდან, ასევე ზრდასრულებსა და მოხუცებსაც. თუმცა ბოლო პერიოდში ერთი ტენდენცია იკვეთება. თვალის დაავადებები ახალგაზრდავდება, მაგალითად ისეთი დაავადება, როგორიც არის გლაუკომა. თუ წლების წინ გარკვეული დაავადებებით 60-65 წლის ასაკის პაციენტები მოგვმართავდნენ, ახლა ამ პრობლემებით 40-45 წლის ადამიანებიც მოდიან.
ამ ტენდენციას რას უკავშირებთ?
გარკვეულწილად არადროულ დიაგნოსტიკას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად დაავადების გამოვლენა ვერ ხერხდებოდა. დღესდღეობით ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის არსებობამ და ექიმთა კვალიფიკაციის ზრდამ შესაძლებელი გახადა ისეთი დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, როგორიც არის გლაუკომა და ნერვული ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებები. კერატოკონუსი, რქოვანას პროგრესირებადი გათხელება.
კიდევ ერთი პრობლემა თანამედროვე ცხოვრების სტილია. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კომპიუტერებისა და სხვადასხვა ეკრანიანი მოწყობილობების აქტიურმა გამოყენებამ თვალზე დატვირთვა გაზარდა.
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მხედველობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა ტექნოლოგიებს იყენებთ?
ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგიური დიაგნოსტირების და თვალის დაავადებათა მკურნალობის ყველა ულტრათანამედროვე მეთოდია ხელმისაწვდომი. ჩვენ აღჭურვილი ვართ ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურით ამიერკავკასიის მასშტაბით და ვიყენებთ ასევე თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებს როგორიც არის 3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი, პრეოპერაციულად ბროლის გარდატეხის ძალის უზუსტესს გამოთვლას უზრუნველყოფს აპარატი ZEISS IOLMaster. ასტიგმატიზმის სრული კორექციის მისაღწევად გამოიყენებაThe VERION™ Image Guided System.
ჩვენთან ფუნქციონირებს მხედველობის ლაზერული კორექციის ცენტრი, სადაც უახლესი თაობის ფემტო-ექსიმერული ლაზერის (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-80) მეშვეობით მხედველობის ლაზერული კორექციის მაღალტექნოლოგიური ოპერაცები ტარდება. მხედველობის ლაზერული კორექციის საუკეთესო შედეგის მისაღწევად გათვლებს ვაკეთებთ მსოფლიოში საუკეთესო სადიაგნოსტიკო აპარატით CRS-Master-ით, ხოლო თვით პროცედურას ახორციელებს Zeiss-ის Visumax-ი და MEL 80-ი.
ლაზერული კორექცია სათვალისა და ლინზების დავიწყების საშუალებას გვაძლევს?
დიახ, ლაზერული კორექცია, რომელიც რამდენიმე წამიანი პროცედურაა გვაძლევს საშუალებას ქირურგიულად ვუმკურნალოთ ახლომხედველობას, შორსმხედველობას და ასტიგმატიზმს.
იმატა ისეთმა ქირურგიულმა პროცედურებმა, როგორიც არის სათვალის ან ლინზების მოხსნა, ანუ პაციენტებს ვისაც აქვთ სურვილი მოიხსნან სათვალე, ჩვენ შეგვიძლია სულ რაღაც 6-7 წამში მივანიჭოთ ეს ბედნიერება. ამ პროცედურისთვის ჩვენება მხოლოდ პაციენტის სურვილია. ლაზერულ კორექციამდე სრულ დიაგნოსტირებას ვატარებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული შესაძლო მცირედი გართულებებიც კი.
აღნიშნული ლაზერული პროცედურის უკუჩვენება არსებობს?
აბსოლუტური უკუჩვენება არის კერატოკონუსი, ბადურის ჩამოცლა, გლაუკომა რქოვანას წყლული და სხვადასხვა ტიპის თვალის პათოლოგიები.
რა შემთხვევაში ხდება საჭირო სტაციონალური მკურნალობა და რომელი პრობლემების მოგვარება ხდება ამბულატორიულად?
ოფთალმოლოგიური ოპერაციების დიდი ნაწილი თითქმის 99 % გახლავთ ამბულატორიული, რაც თავისთავად გულისხმობს ოპერაციის შემდგომ კლინიკის დატოვებას რამოდენიმე წუთში, გააჩნია პაციენტის ზოგად მდგომარეობას (არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი).
ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციები ისეთ პაციენტებში, როგორიც გახლავთ ლაბილური ფსიქიკის მქონე პირები და პედიატრიული ასაკის პაციენტები.
კარგი მხედველობის სიბერემდე შენარჩუნება შესაძლებელია? და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?
თვალი ძალიან ნაზი ორგანოა. თვალის ჯანმრთელობა დიდხანს რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რათა თავიდან ავირიდოთ სისტემური ტიპის დაავადებები, მაგალითად მაგ შაქრიანი დიაბეტი. ასევე, ეკრანიანი მოწყობილობისგან თვალი მაქსიმალურად უნდა დავასვენოთ. დიდ ქალაქებშიდა ზღვისპირა რეგიონებში ხშირად ჩნდება მშრალი თვალის სინდრომის პრობლემა. საწყის ეტაპზე პრობლემებისადმი უყურადღებობამ შეიძლება სერიოზული დაავადებებიც გამოიწვიოს.
რა ინტენსივობით უნდა გავიაროთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია?
ოფთალმოლოგთან ვიზიტი 40 წლის ასაკის შემდგომ წელიწადში ერთხელ საკმარისია. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს რაიმე სხვა ტიპის სისტემური დაავადება.გააჩნია დაავადების ტიპს და სიმძიმეს .ეს დაგვეხმარება დროულად გამოვავლინოთ პრობლემა და საწყის ეტაპზევე ვუმკურნალოთ მას. თუ გარკვეული პრობლემები გაწუხებთ, მაშინ ექიმთან კონტროლი წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ არის რეკომენდებული.
"ნიუ ჰოსპიტალსის" ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციისა და კვლევებისთვის ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 2 190 190. ინფორმაცია სამედიცინო სერვისებისა და ექიმების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.newhospitals.ge