საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
"დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას მის ოჯახზე. ამ შემთხვევის შემდეგ დეპრესიული განწყობა მქონდა, ამიტომაც ამაზე საუბარს ვერ ვახერხებდი. ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე", - განაცხადა ჯეკ შეფერდმა სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.