25 იანვარს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ცნობილი ფოტორეპორტიორი სერგო ედიშერაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი იყო, არქივიდან უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს.
პრეზიდენტთან ურთიერთობას ფოტორეპორტიორი ასე იხსენებს:
"ედუარდ შევარდნაძესთან 1972 წლიდან ვმუშაობდი, სანამ იგი მოსკოვში გადავიდოდა. როცა საქართველოში დაბრუნდა, ანუ 1992 წლიდან, ისევ გავაგრძელე მასთან მუშაობა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის გვერდით ვიყავი. ამ ადამიანს საოცარი უნარი ჰქონდა, რთულ სიტუაციაში გამოსავალი მოეძებნა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა...
მისი მოსმენა მთელი აკადემია იყო. შევარდნაძეს იუმორის გრძნობა სიცოცხლის ბოლო დღეებშიც არ დაუკარგავს. ბოლო დაბადების დღე რომ მივულოცე, კიდევ რამდენ წელს მისურვებო? - შემეკითხა. უცებ დავიბენი, მერე კი ვუთხარი - 20 წელს მაინცმეთქი. რა იყო, მეტი არ გემეტება ჩემთვისო? - მიპასუხა ღიმილით...
მისი გადადგომის შემდეგ კრწანისში მასთან ხშირად ავდიოდი და როცა დამინახავდა, თვალები უბრწყინავდა ხოლმე..." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ედიშერაშვილი.