ავტორი:

ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა

ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა

ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ვენესუელაში პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად ძალიან მალე აღიარა დონალდ ტრამპმა.

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელას მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაგრძელებ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ვენესუელაში დემოკრატია აღდგეს“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოც.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ხუან გუაიდო

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს, ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ და არგენტინაც არიან.

საფრანგეთი აცხადებს, რომ სიტუაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან მართავს.

სამშაბათს ვენესუელას ეროვნულმა ასამბლეამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველობა საკუთარ თავზე აიღო. მანამდე ასამბლეამ ვენესუელას მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა და მოითხოვდა, გარდამავალი მთავრობისა და ახალი არჩევნების დანიშვნას.

ვენესუელას დედაქალაქში, კარაკასში საპროტესტო აქციების დროს 30 ადამიანი დააკავეს. გამოცემის El Nacional ინფორმაციით, პოლიციელებმა და ეროვნული გვარდიის წევრებმა მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბიეს.

დაუდასტურებული ინფორმაციით, დარბევისას ერთი მანიფესტანტი დაიღუპა.

მადუროს ინაუგურაცია მეორე ვადით იანვრის დასაწყისში გაიმართა. ხმაურიანი არჩევნები კი ვენესუელაში გასულ წელს ჩატარდა, მოსახლეობა და ოპოზიცია ხელისუფლებას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე