ავტორი:

"კიდევ რამდენიმე დღე და კატასტროფა გარდაუვალია..." - რას წერენ ოსები ცხინვალის რეგიონის ჰუმანიტარულ კრიზისზე

"კიდევ რამდენიმე დღე და კატასტროფა გარდაუვალია..." - რას წერენ ოსები ცხინვალის რეგიონის ჰუმანიტარულ კრიზისზე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, მათ შორის ახალგორის რაიონი, სადაც ე.წ. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარეს - დიდთოვლობისა და ზვავის ჩამოწოლის, ხოლო ქართულ მხარეს - "ღორის გრიპის" გამო გზა ჩაკეტეს - ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.

ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში საკვებისა და მედიკამენტების მარაგი იწურება. cominf.org-ის ცნობით, დეფიციტი შეინიშნება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე - რძის ნაწარმზე, ნახევარფაბრიკატებზე, ხორცპროდუქტებსა და საბავშვო საკვებზე. გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა, თუმცა, "დაახლოებით ერთი კვირაა ამ მხარეს საზღვარი გადაკეტილია, ისევე, როგორც ქართულ მხარეს და ეს მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის". იმ მაღაზიების გამყიდველებისა და მეპატრონეების თქმით, რომელთა სავაჭრო ობიექტი გზის პირას არის, განსაკუთრებით სწრაფად ქრება მალფუჭებადი რძის პროდუქტები, რომელთაც შეშინებული მოსახლეობა მარაგისთვის ყიდულობს.

"მაღაზიებში, პრაქტიკულად, აღარ დარჩა ხორცპროდუქტები, კვერცხი, ნახევარფაბრიკატები. ТЭК-ის ბაზარში თითქმის აღარ არის ხილი და ბოსტნეული. თუ უახლოეს დღეებში გზა არ გაიხსნა და ვითარება არ შეიცვალა, სიტუაცია კრიტიკული გახდება, რადგან ჩვილი ბავშვების დედები წუხან, რომ მაღაზიებში ბავშვის აუცილებელი საკვები და ნივთები გაქრა", - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება პურს. პურკომბინატის დირექტორმა ვადიმ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ რეგიონში ფქვილი ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არის, რადგან მარაგის რეგულარული გადავსება ხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონის, კონკრეტულად კი ცხინვალის დატოვებას ვერ ახერხებენ ისინიც, ვინც ქალაქში სტუმრად იყვნენ ჩასული.

რამდენიმე დღის წინ ekhokavkaza.com-სთან საუბარში ცხინვალის მოსახლეობა აცხადებდა, რომ ორივე მხარეს ჩაკეტილი გზების გამო, მაღაზიებში გაჩენილი პროდუქტის დეფიციტი მათ ვერ შეაშინებდა, რადგან წლების განმავლობაში ჩაკეტილობასა და ბლოკადაში იცხოვრეს და შეჩვეული არიან. თუმცა, ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ "ხელმძღვანელობა" ამ ყველაფერს მოუმზადებელი შეხვდა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ცხინვალსა და მის გარშემო, ღამით ტემპერატურა -8, -10 გრადუსს აღწევს, რის გამოც გზები მოყინულია და რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

"რამე განსაკუთრებული დეფიციტი არ შემიმჩნევია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადგილობრივები მარაგის გაკეთებას ცდილობენ. რძისა და ზოგადად, მალფუჭებადი პროდუქტების უკმარისობა ცხინვალში წლებია გვაქვს და ეს არც ახლა მიკვირს", - ამბობს ცხინვალელი ინგა.

"უკვე რამდენიმე დღეა თვალშისაცემია და აშკარაა დეფიციტი - რამდენიმე დღეა რძის პროდუქტების ყიდვას ვცდილობ და ამაოდ. რამდენიმე ადგილზე არ იყო ბოსტნეული და ხილი, ნარჩენები იყიდება... გზის ჩაკეტვის გამო, ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლა ვერ შეძლო უამრავმა ადამიანმა, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ ან მუშაობდნენ", - ამბობს ადგილობრივი ოსი ელინა.

"ბოლო დროს ადამიანები ძალიან მოუთმენლები გახდნენ, დიახ, სწორად მოიქცნენ, რომ საქართველოს მხარეს გზა ჩაკეტეს, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა კარგი, ეს ხომ იმისთვის კეთდება, რომ თავი დავიზღვიოთ. არა უშავს, ჩვენ გადავიტანეთ ომები, ათეულობით წლების განმავლობაში ვიტანდით ომებს და ამ რამდენიმე დღესაც მოვითმენთ", - მიაჩნია ცხინვალელ მერის.

"თოვლი ჩამოწვა და ხელით ხომ არ გავწმენდთო გვეუბნება, მთავრობა - სხვა ქვეყნებში როგორ ხდება? ამაზე დიდი თოვლი არ მოდის? ან ამინდის პროგნოზი არ ნახეს, ან არ ივარაუდეს, რომ დიდი თოვლი პრობლემებს შექმნიდა? ცარიელია მაღაზიები, აფთიაქები. ხალხი სოფლებიდან ვერ ჩამოდის, გზები არ არისო. გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან, მაშინ, როცა ჩვენ აქ ქალაქში არაფერი გვაქვს, იქ ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! კიდევ რამდენიმე დღე და კატასტოფა გარდაუვალია...", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ბობი გაზაევი.

"ღორის გრიპისგან თავს ვიცავთ და კარანტინს ვაცხადებთო და დილიდან სიცხიანი ბავშვის წამალზე ვირბინე, არსად არაფერი იყო. ახლობელს შევჩივლე და მან მომცა. რა გინდა, რომ თქვა, სამაგიეროდ, აპრილში მიწასთან გასწორებული სირიის ლიდერი ჩამოვა და ჩვენი ქვეყანაც აშენდება", - წერს თემურ ხუგაევი.

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს