ის მეგაპროექტში "საქართველოს ვარსკვლავი" არა კონკურსანტი, არამედ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. მსგავს პროექტში სხვა დროს არასდროს მიუღია მონაწილეობა; საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია და საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სახე, რომელიც სოციალურ სივრცეში პოპულარობით სარგებლობს. გამოირჩევა იუმორის განსაკუთრებული გრძნობით და ამ ეტაპზე "პირველ არხზე" გადაცემა "შუადღის" წამყვანია.
"საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობა მისთვის გამოწვევაა, ხოლო თუ რას გააკეთებს შოუში და რას შესძენს პროექტს ირაკლი გაფრინდაშვილი, ამის შესახებ თავად ისაუბრებს:
"მე და სიმღერა იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, ჩემი უსმენობის გამო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს შოუში მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ პროდიუსერებისგან ზუსტად იმაზე მივიღე შემოთავაზება, რაც ნამდვილად შემიძლია - ვეკონტაქტო მაყურებელს ინტერნეტის საშუალებით. საინტერესო გამოწვევაა და როგორც იტყვიან, კარგი სკოლაა დამწყები ტელეწამყვანისთვის.
პროექტს აქვს რამდენიმე კომპონენტი, სადაც სხვადასხვა წამყვანები არიან, მე ვიქნები ინტერნეტოთახის წამყვანი, საიდანაც მონაწილეებთან ერთად ლაივსტრიმს განვახორციელებ. შევაღებ ყველა ინტერნეტკარს და ჩვენს მაყურებელს რაც შეიძლება მეტ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი შოუს მიმდინარეობისას", - ამბობს ირაკლი და მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ კონკურსანტები "ევროვიზიის" საგზურისთვის იბრძვიან, უკვე სცდება ლოკალურ პროექტს, მნიშვნელოვანს ხდის კონკურსს და ეს განსაკუთრებულად მოსწონს.
"ვთვლი, რომ არამარტო "ევროვიზიისკენ", არამედ "საქართველოს ვარსკვლავი" გლობალურად დიდი წარმატებისკენ გახსნილი გზაა.
ამ პროექტს ინტერნეტში ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს, უკვე დააგროვა მილიონობით ნახვა. ხმასაც ინტერნეტის საშუალებით მისცემენ, რაც უპრეცედენტო ამბავია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა დიდია. შევეცდები, ჩემი მრავალწლიანი ინტერნეტგამოცდილება სწორად გამოვიყენო და შოუ უფრო მრავალფეროვანი გავხადო", - აღნიშნავს ტელეწამყვანი.
- "ევროვიზიაზე" წარდგენილი კონკურსანტებით უმეტესად უკმაყოფილოა ხოლმე ქართული საზოგადოება (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). რას ფიქრობ, ამჯერად შეირჩევა თუ არა ისეთი კანდიდატი, რომლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ?
- ახლა ყველაფერი მაყურებლის ხელშია, როგორ კონკურსანტს აარჩევენ და გადაწყვეტენ, "ევროვიზიის" საგზური მისცენ. ასე რომ, მაყურებლის უკმაყოფილებაც და კმაყოფილებაც ისევ მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. არჩევანი უდაოდ კარგია!
მოკლედ, დაძაბული 6 კვირა გველოდება, იმდენად კარგი ათეულია, მაყურებელს საკმაო მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თუ არსებობს რამე ასეთი - მუსიკალური იღბალი, მონაწილეებს ამას ვუსურვებ. მაქსიმალურად მათ გვერდით და მათი გულშემატკივარი ვიქნები. რაც შეეხება პროექტს, ის უკვე წარმატებულია, წლების მანძილზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი აღმოაჩინეს და გზა გაუკვალეს დიდი სცენისკენ.