ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება გაიმართება სახელწოდებით "Cardano Blockchain Tbilisi”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) - ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორები პიტერ გაზი და ედსკო დე ვრიესი (Mr. Peter Gaži, PhD And Mr.Edsko de Vries PhD), ასევე Cardanos/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.
„საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ინოვაციური ტექნოლოგიის ბლოკჩეინის აღიარება და ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში“, - განაცხადა Cardanos/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა დენიელ ფრიდმანმა.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება, განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და შეხვედრის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
„კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით (ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა და კვლევებს ეყრდნობა.
კარდანოს განვითარების გუნდი შედგება ექსპერტ ინჟინრებისა და მეცნიერ-მკვლევარებისგან, რომლებიც კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობენ.
კავკასიაში პირველად შემოდის ამ მასშტაბის ინდუსტრიული ლიდერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. რაც ყველაზე მთავარია, კარდანო ინტერესდება საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ინოვაციური ტექნოლოგიის ბლოკჩეინის აღიარება და ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/HfK17R
NS