ავტორი:

რიგები ტექინსპექტირების ცენტრებში და 7 000-მდე ჯარიმა ოთხ დღეში - რა შეიცვალა ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შემდეგ

რიგები ტექინსპექტირების ცენტრებში და 7 000-მდე ჯარიმა ოთხ დღეში - რა შეიცვალა ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შემდეგ

2019 წლის 14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები იმ ავტომობილებს აჯარიმებს, რომელთაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ, სულ 6 654 ჯარიმა გამოიწერა, მაშინ, როცა 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა იყო დაწერილი, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებს, რომელთაც ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდათ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები 14 იანვრამდეც აჯარიმებდნენ, აღნიშნული სამართალდარღვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო ხშირად ფიქსირდება.

"შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა ლილუაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის მიზანი აღსრულების მექანიზმის გაზრდა და იმ მძღოლებისთვის ერთგვარი მხარდაჭერის გაწევა იყო, რომელთაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

ხშირად იყო შემთხვეები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შს სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ შესრულებული სამუშაოები ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის ზრდას ემსახურებოდა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ამჟამად, ეს მიზანი მიღწეულია.

"მიმართვიანობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი. თუ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება - მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლა მთელი წლის განმავლობაში ნაკადებად არის გაწერილი.

მოგეხსენებათ, რომ პერიოდული ინსპექტირების გავლა ავტომობილს რეგისტრაციის ბოლო თარიღის მიხედვით უწევს, შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც დააგვიანებენ, კანონით დადგენილ ვალდებულებას დაარღვევენ და ა.შ და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდანაც აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება გაგრძელდება", - განმარტა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, იქ, სადაც ე.წ ჭკვიანი კამერები დამონტაჟებული არ არის, ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო, მძღოლებს საპატრულო პოლიცია აჯარიმებს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მძღოლები, რომლებიც ავტომობილს პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში შესამოწმებლად არ მიიყვანენ, 30 დღეში ერთხელ დაჯარიმდებიან, შესაბამისად, მათ ყოველთვიურად გარკვეული ვადა ეძლევათ, რომ კანონით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულონ.

საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა ხარვეზების გამო ვერ გადიან ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას?

როგორც AMBEBI.GE-ს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, თუ 2018 წლის დეკემბერში ტექდათვალიერებას ყოველდღიურად 700-800 ავტომობილი გადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 3000-ს სცილდება და 4000-მდეც ადის.

"ვფიქრობ, რომ რიგები ე.წ ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად არის გამოწვეული, რადგან როდესაც მძღოლებს ჯარიმები მიუვიდათ, იმის მიუხედავად, ამ პერიოდში ეკუთვნოდათ თუ არა, ყველამ მიმართა ინსპექტირების ცენტრებს" - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი AMBEBI.GE-ს ავტომობილების დახარვეზების ძირითად მიზეზებზეც ესაუბრა.

"მაგალითად, შეიძლება გახდეს ისეთი ელემენტები, როგორიც არის მაშუქი ხელსაწყოები, საბურავები, საქარე მინა, სალონში უსაფრთხოების ღვედები, იგივე უსაფრთხოების ბალიშები. მძღოლს შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეამოწმოს და თუ მწყობრში არ არის, ვიდრე ინსპექტირების ცენტრს მიაკითხავს, თავიდანვე შეაკეთოს, შესაბამისად, დახარვეზების პროცენტი უფრო ნაკლები იქნება", - აღნიშნა მან.

ტექნიკური ინსპექტირების გავლისას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ძირითადი ნაწილიც ხარვეზდება, მიზეზი კი მაშუქი ფარებია, რადგან მათი ნათების კუთხე იმგვარად არის მიმართული, რომ შემხვედრ ზოლში მოძრავ ავტომობილის მძღოლს მხედველობას უზღუდავს. ასევე, ხარვეზდება საჭეგადატანილი ავტომობილებიც.

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში საჭიროა ნათებაში გარკვეული კორექცია და ეს შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით: ერთ-ერთი მეთოდია იმ ფარზე სტიკერის დაკვრა, მეორე არის კონსტრუქციულად ნათურის გარკვეული კორექცია, და მესამე - უბრალოდ, უნდა შეიცვალოს მაშუქი სანათები. რაც შეეხება დანარჩენ მახასიათებლებს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ზუსტად ისე მოწმდება, როგორც სხვა დანარჩენი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ 2012 წლიდან საჭის გადატანა აიკრძალა. აქედან გამომდინარე, თუ ერთხელ მაინც მივედით ინსპექტირებაზე და საჭის მდებარეობა დაფიქსირდა, განმეორებით ინსპექტირებას ვეღარ გაივლის ისეთი ავტომობილი, რომელმაც შეცვალა საჭის მდებარეობა", -აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

ჯარიმდება თუ არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო? - ამ შეკითხვით AMBEBI.GE-მ შს სამინისტროს წარმომადგენელსაც მიმართა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, აღსრულების მექანიზმი ყველასთვის ერთია და უწყება დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყველას აჯარიმებს.

რაც შეეხება მძღოლების მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლისას გარკვეული „ხრიკების“ გამოყენებას, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ასეთი შემთხვევა დააფიქსირა და აღკვეთა კიდეც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ