23 იანვარს, 19:00 საათზე ბიბლუს გალერეაში (თბილისი, კანდელაკის #7) კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული წიგნების გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ წარდგენა გაიმართება. სტუმრები პირადად გაიცნობენ დებიუტანტ ავტორებს.
წიგნებს წარადგენენ: კონკურსის ჟიურის წევრები: ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი და მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი; მწერლები: თამრი ფხაკაძე; ტორესა მოსი; მხატვარი მაკა ზედელაშვილი.
კონკურსის შესახებ:
კონკურსს გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.
კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა. ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგოები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“. ჟიურის რჩეულები კი არიან ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია".
იაგო თვალაბეიშვილის, ვახტანგ ვახტანგაძისა და ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნების წარდგენა უკვე გაიმართა და ბიბლუსის ფილიალებში მათი წიგნები უკვე იყიდება.
პრეზენტაციაზე კონკურსის ხუთივე გამარჯვებულის წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.