ევაკუაცია კენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმროდან ამ დრომდე გრძელდება, CNN-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა სასტუმროზე შეტევა მიიტანეს და სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლეს.
გარდაცვლილთა შორის ერთი აშშ-ს მოქალაქეა.
ნაირობიში, სასტუმრო კომპლექსზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტია ქვეყანაში.
სამართალდამცველების თქმით, სასტუმროდან კენიელები და უცხოელები ევაკუირებულები არიან, ადგილზე კი პოლიციაა მობილიზებული.
CNN-ის წყარო სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, რომ მსხვერპლი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
თავდამსხმელებმა თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილების პარკინგზე აამოქმედეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სასტუმროს ჰოლში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.