მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის, ავტოსადგომის დარაჯის ინფორმაცით, „კიას“ მარკის ავტომობილის მისამართით სულ მცირე ოთხჯერ გაისროლეს.
"სროლის ხმა გავიგონე. ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, სულ მცირე 4 გასროლა იყო. ტატიშვილის ქუჩიდან მოდიოდა ხმები. მანქანა მელიქიშვილის გამზირზე უკვე ცარიელი ჩამოვიდა. დაჭრილი არავინაა. მძღოლი გაიქცაო, ასე ამბობენ", - აღნიშნა თვითმხილველმა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ამის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.
სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.