ავტორი:

გაიცანით თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომლის სახელი შორეულ კონტინენტზე იციან - "იქ ჩემი ნახატით დამშვენებული ბარათები ადრესატებს ახარებს"

გაიცანით თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომლის სახელი შორეულ კონტინენტზე იციან - "იქ ჩემი ნახატით დამშვენებული ბარათები ადრესატებს ახარებს"

განათლებით იურისტი - თეა ცისკარაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. მან ხატვა 37 წლის ასაკში დაიწყო და ერთ წელზე ნაკლებ დროში წარმატებები ასტრონომიული სისწრაფით განვითარდა... მისი ნახატით "ბროწეულები" პრინტით გაფორმებული მისალოცი ბარათები ავსტრალიაში გაიყიდა. მიწვევა ჰქონდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში, სადაც მსოფლიოდან სულ 12 თვითნასწავლი მხატვარი შეარჩიეს. უნიჭიერესი თეა ცისკარაშვილი თავის მრავალფეროვან ცხოვრებაზე თავად გვესაუბრება:

- 37 წლის ასაკში პირველი ნახატი რაც ტილოზე დავხატე, 2018 წლის 30 მარტს იყო. ანუ ერთი წელი არ არის ჯერ გასული... მანამდე ბავშვობაში ვხატავდი, ისე როგორც ყველა ბავშვი. თავიდან ხატვა მაშინ დავიწყე, როცა საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავედით. კედელი გაჯით იყო შელესილი და საოცარი სურვილი გამიჩნდა, მომეხატა. მერე ეს კედელი აღარ იყო საკმარისი, შინაგანად თითქოს ვიცოდი, უფრო მეტიც - დარწმუნებული ვიყავი, რომ ტილოზე უნდა დამეხატა საღებავებით და ეს აუცილებლად გამომივიდოდა. ვინაიდან თვითნასწავლი მხატვარი ვარ, საჭირო ინფორმაცია საღებავების სტრუქტურაზე, ტილოს დამუშავებაზე, სამხატვრო ინვენტარზე ინტერნეტში მოვიძიე... ბოლოს აკრილის საღებავებზე შევაჩერე არჩევანი, ძალიან მომწონს ამ საღებავით მუშაობა.

- ხატვის ნიჭი გენეტიკურად გაქვთ?

- ხატვის ნიჭი, რომელიც მოულოდნელად აღმომაჩნდა, ვფიქრობ, რომ გენეტიკის დამსახურებაა - დედის ხაზით. დედაჩემს აქვს ულამაზესი ნაქარგები, დეიდაჩემი არქიტექტორ-რესტავრატორი იყო, მათი მამა კი დედის გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კარგად ხატავდა! ისიც თვითნასწავლი იყო. დედას აქვს მონათხრობი, რომ ბაბუაჩემის ნახატი "ავრორა" სოჭში, ქალაქის ერთ-ერთ კედელზე დიდხანს შემოინახეს!

- რა პროფესიის ხართ?

- განათლებით სამართალმცოდნე - იურისტი ვარ. ასევე განათლება მაქვს მიღებული ფინანსური განხრით. ვმუშაობ ბანკში, აუდიტორად.

- თუ მოასწარით უკვე თქვენი ნახატების გამოფენა, გვიამბეთ თქვენს წარმატებებზე?

- როგორც გითხარით ჯერ ერთი წელიც არაა გასული, რაც ვხატავ. აქამდე ვთვლიდი, რომ გამოფენისთვის მზად არ ვიყავი. თუმცა ახლა ვმუშაობ კოლექციაზე და შემოდგომაზე გამოფენის გამართვას ვგეგმავ. წარმატებას რაც შეეხება, ჩემთვის წარმატებაა ყოველი ადამიანის აღფრთოვანება და დადებითი ემოცია, რომელსაც ჩემი შემოქმედების მიმართ განიცდიან. ვთვლი, რომ ეს მოკლე პერიოდი ნამდვილად წარმატებული იყო ჩემთვის. დღეის მდგომარეობით 43 ნახატის ავტორი ვარ, აქედან კი მხოლოდ 16 ნახატი მაქვს სახლში. დანარჩენებმა ახალ მფლობელებთან გადაინაცვლეს და იქ აგრძელებენ ცხოვრებას... არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემი ერთ-ერთი ნახატის - "ბროწეულები" პრინტით გაფორებული მისალოცი ბარათები ავსტრალიაში გაიყიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვიცი, სადღაც, შორეულ კონტინენტზე, ვიღაცამ ჩემი სახელი იცის და ამ ნახატით დამშვენებული ბარათები ადრესატებს ახარებს! მართლა დიდი წარმატება იყო ეს ჩემთვის, როცა ათიათასობით ნამუშევრიდან ჩემი ნახატი გამოარჩიეს...

- მხოლოდ ხატვით ხართ მოცული, თუ სხვა გატაცებებიც გაქვთ?

- ძალიან ბევრი გატაცება მაქვს: ბავშვობიდან ასე ვარ, მუდმივად ერთ წრეზე ვერ ვტრიალებ! მრავალფეროვნება მიზიდავს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, დროის გადანაწილება არ მიჭირს. ხატვა ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა, შეყვარებული ვარ ამ პროცესზე. არასოდეს არ ვიცი წინასწარ რა გამოვა და ერთი სული მაქვს დამთავრებული ვარიანტი ვიხილო. ამ ეტაპზე პარალელურად დაინტერესებული ვარ ფიზიკით და ფსიქოლოგიით. ვსწავლობ კორეულ ენას. გატაცებული ვარ სამხრეთ კორეული კულტურით. ასე, რომ მოსაწყენი დრო არ მაქვს!

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში მხატვრისთვის?

- თანამედროვე ტექნოლოგიები (ვგულისხმობ ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ა.შ) ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა შემოქმედმა (და არა მხოლოდ) ადამიანმა თავის ნიშა იპოვოს. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მოტივაცია, მუდმივად ჩართულობა, ძიება და სწრაფვა განვითარებისკენ. ამ მხრივ დღეს უფრო მეტი საშუალებაა საზოგადოებამდე მიიტანო შენი ამბავი, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე, ვიდრე ეს იყო ვთქვათ გასულ საუკუნეში!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი სამომავლო გეგმების აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია ჩემი ნახატები, არსებულიც და ისინიც, რომელსაც მომავალში შევქმნი! ამ მხრივ გაჩერებას არ ვაპირებ. გასულ ზაფხულს მივიღე შემოთავაზება ამერიკიდან (ჩემი ნახატები განთავსებულია რამოდენიმე ამერიკულ არტ-საიტზე) გამოფენაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, რომელიც იმართებოდა ოქტომბერში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში. ეს იყო აშშ-კანადა-ბრიტანეთის ერთობლივი პროექტი დამწყები, თვითნასწავლი მხატვრებისთვის (სულ 12 მხატვარი შეგვარჩიეს). სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა მჯერა, რომ მსგავსი მიწვევები მომავალშიც ბევრი იქნება!

- საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა გამოვხატო მადლიერება, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გარს მახვევიან! ისინი დადებით ემოციას და პოზიტიურ მუხტს მაძლევენ. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც არიან ჩემი შემოქმედების განუყოფელი ნაწილები! მათი სიყვარულით დამოკიდებულება მე მაძლიერებს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს მიღვიძებს. განსაკუთრებულად მგულშემატკივრობენ ჩემი კოლეგები, რაც ჩემთვის უდიდესი სიხარულის განცდაა! ბედნიერი ვარ თითოეული ადამიანის ემოციისთვის, რაც მათ ჩემმა, თუნდაც ერთმა ნახატმა მოუტანა. ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს!

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა