ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. შეგახსენებთ, რომ დ.ღ.-ს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.