ავტორი:

"საუკეთესო ათეული გვეყოლება და ევროვიზიაზე საუკეთესო წავა!" - "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი პროექტის დეტალებზე

"საუკეთესო ათეული გვეყოლება და ევროვიზიაზე საუკეთესო წავა!" - "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი პროექტის დეტალებზე

თიკო ბერძენიშვილი "ევროპის მაუწყებელთა კავშირის" მედიამართვის კომიტეტის წარმომადგენელია საქართველოში და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი. კოლეგებთან ერთად იმ კონკურსანტების შერჩევა უწევს, რომელთაგან ერთი საქართველოს "ევროვიზიაზე" წარადგენს.

AMBEBI.GE თიკო ბერძენიშვილს "საქართველოს ვარსკვლავზე" და "ევროვიზიის" კონკურსზე ესაუბრა:

- მნიშვნელოვანია, რომ "პირველმა არხმა" ეს პროექტი დაიწყო, რადგანაც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "ევროვიზიის" ლიცენზია აქვს. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის სიმღერის კონკურსი, სადაც 74 ქვეყანაა გაერთიანებული, მაგრამ ძირითადად 55 ქვეყანა მონაწილეობს. დიდი ხანი ვფიქრობდით, სხვადასხვა მცდელობაც გვქონდა, როგორ უნდა არჩეულიყო "ევროვიზიისთვის" მონაწილე. ტელევიზიას ჰყავდა და ასახელებდა ხოლმე სხვადასხვა კონკურსანტს, შიდა და გარე კონკურსებიც ჩაუტარებია, თუმცა ახლა რაც გადაწყვიტა, ის არის, რომმ მოხდა მისი "საქართველოს ვარსკვლავთან" დაკავშირება, ვფიქრობ, ეს წარმატებისკენ ყველაზე ოპტიმალური გზაა.

აპრობირებული მეთოდი, მსოფლიო პრაქტიკაა, როცა "ევროვიზიაზე" სხვადასხვა ფესტივალიდან, ცნობილი პროექტების გამარჯვებულები იგზავნებიან. მიხარია, რომ წელს ჩვენც ამ სწორ გზას დავადექით. მომღერალს საშუალებას ვაძლევთ, წავიდეს "ევროვიზიაზე", საზოგადოება აკეთებს არჩევანს, შეარჩიოს არა მარტო მომღერალი, სიმღერაც. ამრიგად, პერსპექტივა სატელევიზიო კუთხითაც გვაქვს: ერთი - რომ ვიღებთ კარგ მეგაპროექტს, გვეყოლება გულშეატკივართა ჯარი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მეტად უგულშემატკივრებენ მონაწილებს და ჩვენი ღირსეული კონკურსანტი "ევროვიზიაზე" წარსდგება.

- როგორც გავიგე, ხმის მიცემა "ფეისბუქის" მესენჯერითაც იქნება შესაძლებელი?

- დავამატეთ უფასო ხმის მიცემა, რომელიც ონლაინ იქნება შესაძლებელი - უპრეცედენტო შემთხვევაა, აქამდე არ ყოფილა, "ფეისბუქის" მესენჯერით მიეცათ ხმა. ამისთვის სპეციალური აპლიკაცია გავაკეთეთ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი 12 საათში ერთხელ, უფასოდ მისცემს თავის რჩეულს ხმას. მოხმარებისთვის ადვილი აპლიკაციაა.

"საქართველოს ვარსკვლავმა" ვებში უკვე დააგროვა 2 მილიონზე მეტი ნახვა. ჩვენი მიზანიც ეს იყო, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მობილურს და ვების კონცეფციას, სტრატეგიაშიც გვიწერია, რომ მობილურზე ორიენტირებული მაუწყებელი ვართ, რაც ძალიან მნიშვენელოვანია და ეს აპლიკაციაც ამას უკავშიდება.

- როდის სრულდება კონკურსი და ჩვენი წარმომადგენლის ნამღერი როდის უნდა გაიგზავნოს "ევროვიზიის" კონკურსზე?

- "საქართველოს ვარსკვლავი" 5 იანვარს დაიწყო და 2 მარტს არის საფინალო შოუ. 10 მარტს მომღერალი და არჩეული სიმღერა უკვე ცნობილი უნდა იყოს. "ევროვიზიის" ციებ-ცხელება ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია დაიწყო. ამ კონკურსისთვის 300 მილიონზე მეტი მაყურებელი ემზადება. იცით, რომ დაემატა ავსტრალია, საუბრობენ ჩინეთზე, ამერიკაზე, ასე რომ, ძალიან მასშტაბური და საინტერესო კონკურსი გველის.

- თიკო, "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი ხარ, რამდენად გვყავს კონკურსანტებს შორის ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ღირსეულად წარადგენს "ევროვიზიაზე"?

- "საქართველოს ვარსკვლავი" ისეთი ფორმატია, სადაც ხშირად საუკეთესო მონაწილეები იყრიან თავს, ამჯერად ალბათ "ევროვიზიის" საგზურმაც განაპირობა, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი მუსიკოსი მოვიდა და თამამად გეტყვით - საუკეთესო ათეული გვეყოლება და თვალდახუჭულმა შემიძლია მშვიდად ვთქვა, რომ მათგან ვინც წავა, საუკეთესო იქნება. უბრალოდ დასამატებელია ძალიან კარგი სიმღერა და ძალიან კარგი შეფუთვა სცენაზე, ამიტომ საპროდუსერო ჯგუფმა კარგად უნდა იმუშავოს.

- დამწყებ, გამოუცდელ მომღერლებს, ცნობილი მომღერლების გვერდით რა შანსი აქვთ. ცნობილები ხომ აჯობებენ მათ?

- არ ვფიქრობ, რომ რომელიმე უპირატეს მდგომარეობაშია, ან უარესში. როდესაც ამ თემაზე ფიქრი დავიწყეთ, კონსულტაცია გავიარეთ თვითონ "ევროვიზიის" ორგანიზატორებთან. ასე რომ, ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს საშაუალება აქვს, თავი წარმოაჩინოს, რაც მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა მართლაც საინტერესოა, ემოციურიც. ასე რომ, ერთმა ახალბედამ შეიძლება, გადაწონოს ცნობილი მომღერალი.

მსმენელებს ყველას ერთი და იგივე გემოვნება ხომ არა აქვს - ვიღაცას როკი მოსწონს, ვიღაცას პოპი, ქართული ხალხური სიმღერა, რეპი. თვითონ "ევროვიზიის" ფორმატიც უცნაური და ეკლექტურია. ამიტომ არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს, შესაბამისად აზრიც ბევრნაირია და ამის გამოც ძალიან საინტერესო შოუ გველოდება, მაგარი მომღერლებით... ასე რომ, "საქართველოს ვარსკვლავს" უნდა ვუყუროთ.

"ევროვიზიაზე" წავა მომღერალი, რომელზეც ყველა ვერ შევჯერდებით, მაგრამ მისით უმრავლესობა კმაყოფილი იქნება. ჩაერთვებიან, უგულშემატკივრებენ. ჩვენც ამ ყველაფერს მივყვებით, ძალიან ვენდობით გამოცდილ პროდიუსერებს "ნოვა პროდაქშენიდან" ("პირველი არხი" "საქართველოს ვარსკვლავს" მათთან ერთად აკეთებს), რომელსაც გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე წარმომადგენენ. ასე რომ, ყველამ ერთად ვუყუროთ პროექტს!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს