ავტორი:

იტალიელები ომის შემდგომ აფხაზეთზე ფილმს იღებენ - “მთავარია, არ დააყაჩაღონ, ტექნიკა და ფული არ წაართვან..."

იტალიელები ომის შემდგომ აფხაზეთზე ფილმს იღებენ - “მთავარია, არ დააყაჩაღონ, ტექნიკა და ფული არ წაართვან..."

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ყოველდღიურობაზე, ომის შემდგომ იქ დარჩენილი ადამიანების პრობლემებზე, სატკივარსა და რეალურ ცხოვრებაზე, იტალიელები დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, პიერ პაოლო მიტიკას და ალესანდრო ტეზეის ერთობლივი მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ.

მიტიკა ფოტოგრაფია, ტეზეი კი ოპერატორი და მონტაჟის სპეციალისტი. ისინი აფხაზეთში დოკუმენტურ მასალას ინტერნეტპორტალ Occhi Della Guerra-სთვის აგროვებენ, რომელიც ძირითადად, სამხედრო თემებზე მუშაობს. საიტი 2013 წლიდან არსებობს და დამოუკიდებელ რეპორტიორებთან თანამშრომლობს, რომლებიც მთელი მსოფლიოს ცხელ წერტილებსა და პოსტკონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებას აშუქებენ...

იტალიელების მასპინძელი, აფხაზი მირონ ზუხბა, რომელიც ოჩამჩირეში საოჯახო სასტუმროს მფლობელია, ამბობს, რომ ინტერნეტით დაუკავშირდნენ და ახლა მათ თარჯიმნობასა და გიდობას უწევს...

“დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, მაგრამ მოსკოვში ვსწავლობდი და შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და კომპანია Аквафон-ში დავიწყე მუშაობა. 2016 წელს, ოჩამჩირეში გავხსენი გესთჰაუსი, რომელიც უმეტესად უცხოელებს მასპინძლობს. ვიზიტორები ძირითადად ინტერნეტით მიკავშირდებიან და ჩამოსულ სტუმრებს პირადად ვემსახურები, ვუწევ ექსკურსიამძღოლობას. ასე აღმოჩნდნენ ჩემთან იტალიელებიც, რომლებიც აფხაზეთზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ” - ამბობს ekhokavkaza.com-თან საუბარში ზუხბა.

პიერ პაოლო მიტიკას თქმით, ფოტოგრაფია ეხმარება უკეთ გაარკვიოს როგორ ცხოვრობს ხალხი სხვა ქვეყნებში.

"როცა ახალი პროექტი დავიწყე, შთაგონების წყარო მჭირდებოდა, რათა მუშაობა დამეწყო და შემთხვევით ვნახე აფხაზეთის რამდენიმე ფოტო... ოდესღაც მოსმენილი მქონდა მასზე, მაგრამ თითქმის არაფერი ვიცოდი. დავინტერესდი, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ, როგორ ცხოვრობდა ომის დროს... ომის იარები აქ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია" - ამბობს იტალიელი ფოტოგრაფი.

მიტიკასა და ტეზეის ერთობლივად აქვთ მომზადებული დოკუმენტური ფილმები ფუკუშიმასა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე, ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და პრობლემებზე. აფხაზეთზე მათ მიერ შექმნილი ფილმი “კლასიკური დოკუმენტური” იქნება, 50 წუთიანი ქრონომეტრაჟით.

ალესანდრო ტეზეის თქმით, აფხაზეთი ძალზე საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონეა და მასში დიდ ტურისტულ პოტენციალს ხედავს, მით უფრო, რომ ზღვა და მთები თავიანთი სიახლოვით საოცარ სინთეზს ქმნიან. ამას ემატება მისი უგემრიელესი სამზარეულო...

იტალიელები აფხაზეთში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან, რათა ის ადამიანებიც ჩაწერონ, ვისაც ომი ახსოვს და ვინც კონფლიქტში მონაწილეობდა; ასევე შეხვდებიან, კულტურული მიმართულებით მომუშავე ადამიანებსა და პოლიტიკოსებს.

იტალიელების მიერ ფილმის გადაღების იდეას უხმაუროდ არ ჩაუვლია აფხაზეთის მოსახლეობაში... ადგილობრივების თქმით, “კარგი იქნება თუ შედარებისთვის, გაუდაბურებულ ოჩამჩირესა და აკარმარასთან ერთად, რომელთა ჩვენებაც ასე ძალიან უყვართ უცხოელ ვიზიტორებს, აფხაზი მაღალჩისნების სახლებსა და ავტომანქანებსაც გადაიღებენ..."

“უკვე გასაგებია ვისი შეკვეთილია და პათოსიც ამოხსნილია: ისევ და ისევ ომის თემაზე იქნება აპელირება, 25 წელია ისევ ძველ სიმღერას ვმღერით, მაგრამ იქნებ ვინმემ უთხრას მათ ან ჩვენს ხელისუფლებას რამდენ წელში აშენდა ისრაელი, როგორც სახელმწიფო? ჰოდა, აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ვერასდროს შევდგებით, როგორც სახელმწიფო, თავს ვიტყუებთ და შვილებსაც ვატყუებთ...” - წერს გაგრელი ქალი, სახელად ინეზა.

“ახლა მთავარია, ჩვენი იტალიელი სტუმრები არ დააყაჩაღონ, ტექნიკა და ფული არ წაართვან, უსაბუთოდ არ დატოვონ ან სულაც ცხვირ-პირი არ დაუმტვრიონ. საქმე ის არის, რომ ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე, თავის შეცოდების პოზაში ყოფნა... მეოთხედი საუკუნეა მათთვის არაფერი იცვლება" - წერს იაგო ვოუბა.

“თუ სცემეს, მერე ნახეთ თქვენ თავის მოჭრა მსოფლიოს მასშტაბით - ველური აფხაზები, ასე იქცევიან და ვერც ვერასდროს განვითარდებიანო. ვითომ ძალიან შესტკივათ გული ჩვენს განვითარებაზე... ჰოდა, თუ დაასისხლიანეს, შემდეგ მთავრობისგან “დაკრიშულ” ზუხბას მოუწევს თავისი ფულით მათი სამშობლოში დაბრუნება...” - ამბობს ელენ კარჩოუ.

“პოლიტიკოსებსაც უნდა შეხვდნენო და იმედია, აუხსნიან, რატომ ვერ შეცვალეს აქამდე ვერაფერი საკუთარი სახლ-კარის გარდა... და კიდევ ალბათ რუსეთის ლამის უკიდეგანოდ გადაჭიმულ ბაზებსაც აჩვენებენ ტურისტულ აფხაზეთში“ - წერს ალიას თარბა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი