მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ფეზოსი ცოლს შორდება. „ამაზონის“ დამფუძნებელმა და მისმა ცოლმა, მაკენზიმ „ტვიტერზე“ საერთო განცხადება გაავრცელეს.
„გვსურს შევატყობინოთ ხალხს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმა უკვე იციან, რომ გადავწყვიტეთ დავშორდეთ და მეგობრებად დავრჩეთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
წყვილი 1993 წელს დაქორწინდა და ოთხი შვილი ჰყავს. „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ბეზოსის ქონება 137 მილიარდ დოლარს შეადგენს. განქორწინების შემდეგ მაკენზი, სავარაუდოდ, 69 მილიარდ დოლარს მიიღებს.
Mashable-ის ინფორმაციით, ქონების ამგვარი გადანაწილების შედეგად მაკენზი, შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი გახდეს. მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცის ტიტულს კი კვლავ ბილ გეითსი მოიპოვებს, რომლის ქონება 92.5 მილიარდი დოლარია.
იმის მიუხედავად, რომ მაკენზი და ჯეფი შორდებიან, ყველას არწმუნებენ, რომ ურთიერთობა კვლავ არაჩვეულებრივი აქვთ და არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ არის.
„ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და მადლიერი ვართ ერთად გატარებული წლების გამო. 25 წლის წინ რომ გვცოდნოდა, ერთმანეთს დავშორდებოდით, მაინც ვიქორწინებდით,“ - წერს წყვილი „ტვიტერზე“.