გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით ყვარლის რაიონში გადაასვენეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად მშობლები H1N1 ვირუსს გამორიცხავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს. ნინო ჩახვაშვილის თქმით, თბილისის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შვილის მკურნალობას სახლში აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. ამის შემდეგ ფილტვების პრობლემა დაეწყო, უკმარისობა და გადავიყვანეთ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც 30 დეკემბერს გაგვწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემს სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა, მდგომარეობა დასტაბილურდა, კარგად იყო ბავშვი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, არ ვიცი, თუმცა H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ. ველოდები, რა დასკვნა იქნება," - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ ნინო ჩახვაშვილმა.
გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა.
დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვი წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა, ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა.
ექიმის განცხადებითვე, ბავშვის დედამ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ყვარლის რაიონიდან იყო და თავად დედასთან იმყოფებოდა სტუმრად სოფელ ბერბუკში.
10 თვის ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.