ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, რეზი ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნასიძის დედამ, თამარ ნიშნიანიძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მის შვილსა და ექიმს შორის ინციდენტი მოხდა, ისინი საავადმყოფოდან გაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ ის შვილისთვის გამოკვლევების ჩატარებას ითხოვდა.
„თქვენ თვითონ უმკურნალეთ, წაბრძანდით და სხვაგან იმკურნალეთ, სადაც გინდათო. გამოგდება ჰქვია ამას თუ გამოშვება, რა ვიცი. ამის შემდეგ რეზო სახლში წამოვიყვანე, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მშვიდად სახლში ვიყავი. საღამოს ცუდად იყო, დილით უარესად გახდა, სითხეს რომ იღებდა, აღებინებდა. ძალიან შემეშინდა და ინფექციურში წავიყვანე. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ფილტვების ანთება ექნებოდა ჩემი ამდენი მცდელობის მიუხედავად.
ამდენი ხანი იყო იმ საავადმყოფოში და ისე მაინტერესებს, რა მკურნალობა ჩაუტარეს იქ. თურმე, მთავარ ექიმთან მილაპარაკია, რომელსაც ვკითხე, თუ რა მკურნალობა ჩაუტარეს ჩემს შვილს, ან სიცხე რამდენი ჰქონდა, რაც არ იცოდა. ფორმა 100-ში ჩაგიწერთ, რაც გავუკეთეთ იმას, როცა გაგწერთო. ისე გამოგვყარეს იქიდან, ფორმა 100 არც მინახავს.
ინფექციურში ექიმი გადაირია, სასწრაფოდ უნდა დავაწვინოთ და ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკებით, დარტყმითი მკურნალობა უნდა დავიწყოთ, ასეთი დიაგნოზით, სახლში როგორ გაგიშვებთო. ბადრაგი ადგას თავზე, მასთან კომუნიკაციის საშუალება არ მაქვს. შესაბამისად, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ ვიცი“, - აცხადებს ნიშნიანიძე.
მისივე განმარტებით, საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი იქ დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს აღბეჭდილი აქვთ.
„სადაც ეს ხდებოდა, იქ არის ვიდეოკამერა. ეს დაადასტურებს ყველაფერს, რა ხდებოდა იქ და რამდენი ხანი გაგრძელდა. პატრულის მოსვლამდე ხელჩართული ბრძოლა იყოო, თქვეს, ეს არ არის მართალი. დავამტკიცებ, რომ რეზის ჰქონდა თავის ტკივილი. მან მორფიუმი მოითხოვა, ან რამე ტკივილგამაყუჩებელი, ოღონდ ეს გამიყუჩეთო“, - აღნიშნავს მსახიობის დედა.
შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.