მეგაპროექტში "საქართველოს ვარსკვლავი" როგორც ცნობილი, ასევე უცნობი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას და ეს პროექტი ამითაც არის გამორჩეული. თითოეული ამბობს, რომ "ევროვიზია" მისთვის მნიშვნელოვანი კონკურსია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იქ მოხვდეს. როგორც ცნობილია, "ევროვიზიაზე" სწორედ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გაემგზავრება.
Ambebi.ge ორ კონკურსანტს ესაუბრა. ესენი არიან მომღერლები - მალიბუ ტუღუში და გიორგი ნაკაშიძე. თითოეულს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და დღეს უკვე მუსიკალურ სამყაროში აქტიურადაც საქმიანობენ.
მალიბუ თავიდან საზოგადოებამ "X ფაქტორით" გაიცნო, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი დღეს უკვე წარსულია, რადგანაც მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, არაერთი სიმღერა ჩაწერა, მათ შორის, ქართულიც, რომელიც დღემდე ჰიტია...
- დიდი გამოცდილება გაქვს, თუმცა უცნობებს შორის კონკურსანტობა გადაწყვიტე. ამით სხვებს ხომ არ დაჩრდილავ?
- მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი და მსმენელი კონკურსანტად აღარ აღმიქვამს, კონკურსანტი ვხდები, რისთვისაც მზად ვარ. დიახ, მზად ვარ, ეს გზა გავიარო და სცენაზე მათთან ერთად გამოვიდე და თანაბარ პირობებში ჩავიყენო თავი. თუმცა "X ფაქტორში" მთლად გამოუცდელი ხომ ვიყავი? ვერავინ მეტყვის, რომ იქ რამე არასწორად გავაკეთე. ჩემს გვერდით ვინმე უფრო გამოცდილი რომ გამოსულიყო, მერე რა? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილი ხარ, რამდენად კარგი ტიპი ხარ, ან არა... თუ საკუთარი თავის წარმოჩენა გინდა, უნდა შეძლო. მგონია, რომ თუ მომღერალი ხარ და ამის ამბიცია გაქვს, რაღაც დოზით გამოცდილება მაინც გექნება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" ყველა მოულოდნელად მოვიდა და ახლა სცენაზე პირველად დგება, მანამდე თუნდაც პატარა გამოცდილება ყველას ექნება.
- თავად რატომ მიხვედი ამ კონკურსში?
- "ევროვიზია" არ არის ისეთი პროექტი, სადაც ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს და უკან ბრუნდება. მე თუ წავალ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინო. იქ კონკურსანტს მესიჯი უნდა ჰქონდეს, რითაც რეალურად ქვეყანას წარადგენს. 2017 წელს ვიყავი შიდა შესარჩევ ტურზე და ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ მომეგო. ვერ გავიმარჯვე და ისევ მოვედი... ყველაზე მეტად რაც საკუთარ თავში მომწონს ის არის, რომ არასდროს ვნებდები. რაღაც არ გამოვიდა, კიდევ უნდა ვცადო. ეს პროექტი თავისთავად ბევრად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და იმაზე მეტად, ვიდრე - აქამდე. უნდა დავამტკიცო, რომ ბევრად მეტი შემიძლია, ყოველთვის ასეთი პოზიცია მაქვს. მიღწეული არასდროს მაკმაყოფილებს და მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება კარგია...
- სხვა კონკურსანტებს თუ იცნობ?
- ისეთი ადამიანი ვარ, თუ ვარ პროექტში, მიზნისთვის ვიბრძვი, კონკურენტი კონკურენტია და არა მეგობარი. თუმცა ის ადამიანი შეიძლება პროექტის მიღმა მეგობარიც იყოს...
- რას უნდა ელოდოს შენგან მაყურებელი?
- მე ვარ შემტევი, თამამი ადამიანი... არ ვუფიქრდები იმას, რა მოჰყვება ამას. ჩემი შესაძლებლობის ას პროცენტს კი არა, ალბათ ორას პროცენტს დავდებ! ეს არ არის ჩემთვის ჩვეულებრივი პროექტი. "ევროვიზია" იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ ასე მგონია, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.
2015 წლის "X ფაქტორის" გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე დღეს ბათუმში აქტიურ მუსიკალურ საქმიანობაშია ჩაფლული. მღერის კლუბში, მუშაობს ბენდთან... თუ რატომ მივიდა "საქართველოს ვარსკვლავში", ამაზე თავად გვიამბობს:
- მინდა, "ევროვიზიაზე" გავემგზავრო, რომ საქართველოს სახელი გავიტანო. ზოგს უკვირს "X ფაქტორის" გამარჯვებულს ამ პროექტში რა გინდაო? მაგრამ არ იციან, რომ ეს "ევროვიზიის" შესარჩევი პროექტია. ბევრს ვფიქრობდი, გავსულიყავი, თუ არა და ბოლოს "ევროვიზიამ" გადამაწყვეტინა. ახლა მზად ვარ, პროექტში მთელი ძალები დავხარჯო. თან გულშემატკივრები მზად არიან მხარდასაჭერად და მელოდებიან. მხარში მიდგას ჩემი ბათუმი, მეგობრები და მეც მზად ვარ.
- ყველას ასე რატომ გიზიდავთ "ევროვიზიის" კონკურსი, როცა იქ ჯერჯერობით ათეულსაც ვერ აცდა ვერც ერთი ჩვენი კონკურსანტი?
- მეტი გასაქანია, დიდი სცენაა და ვფიქრობ, რომ იქ მონაწილეობით კარიერაში მეტი წინსვლა მექნება და ამისთვის ყველაფერს ვეცდები. ვიბრძოლებ არა მხოლოდ "საქართველოს ვარსკვლავში", თუ გავიმარჯვე, მერე უკვე "ევროვიზიაზეც". დღეისთვის ასეთი შემართება მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მიყვარს არასდროს რაღაცებზე ლაპარაკი, რადგან არ ვიცით, რა ხდება. გულშემატკივრებს მინდა დავპირდე და ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედი და მოლოდინი არ გავუმტყუნო. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.