ავტორი:

"2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვებს:

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:

"ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს - "მაუწყე მე, უფალო, გზა". უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს - "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე". ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება სწმენდს, კურნავს ადამიანს. "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს. ადამიანი ეცემა, მაგრამ ღმერთი აძლევს ძალას, მადლს. ისევ დგება და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრების გზას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს სასუფეველს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ორბელიანების სასახლის ეზოდან მიულოცა:

"ძვირფასო თანამემამულეებო! მიხარია და მეამაყება, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ ამ ულამაზესი ორბელიანების სასახლის წინ და აქედან გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. 2018 წელი სრულიად განსაკუთრებული წელი იყო ჩემთვის. ეს იყო ერთდროულად მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი. ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ. ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც ისე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციებისგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას.

გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვებები წარმატების და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს. ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილიც.

2018 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ორი ქართული ფენომენი შეიტანეს - ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება. 2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მომავალი თაობაც, რომელიც, ვიმედოვნებ, "დედა ენაზე" გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას. 2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.

ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს, ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი. ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!".

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

"ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის.

ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, - თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე".

ამასთან, პრემიერი ახალ წელს ულოცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა - და - რაც შეიძლება მოკლე დროში. 2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე და მივაღწიოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს. 600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები