უხუცესი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ათეული ნაშრომისა და ორი გამოგონების ავტორი შოთა სამუშია წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ, ქირურგი კი არა, მრავალპროფილიანი სპეციალისტია, ფლობს უროლოგიას, გინეკოლოგიას, ტრავმატოლოგიას, ენდოკრინოლოგიასა და ნეიროქირურგიას და 8 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
შოთა სამუშია:
- წალენჯიხაში დავიბადე, გავიზარდე და სოფლის საშუალო სკოლაც ხუთებზე დავამთავრე, ამიტომ, მაშინდელი წესების მიხედვით, სამედიცინო ინსტიტუტში უგამოცდოდ მიმიღეს. ჩემს სტუდენტობას მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა და სწავლის დამთავრებისთანავე ბელორუსში, სამხედრო ჰოსპიტალში გამგზავნეს. იქ მუცლის ტიფი შემეყარა და უკან დამაბრუნეს. შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო ტყვეთა ბანაკების სისტემაში აღმოვჩნდი და 1948 წლამდე იქ ვიმუშავე. დემობილიზაციის შემდეგ სამსახურის ძებნა დავიწყე. ერთი სოფლის ბიჭი ვიყავი, მფარველი არავინ მყავდა, ქირურგობა კი ძალიან მინდოდა, თანაც - თბილისის რომელიმე კლინიკაში.
ჯანდაცვის სამინისტროში ამაოდ ვიარე, სამსახური კი იქვე, მისაღებში მყოფმა უცნობმა კაცმა, დმანისის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგემ შემომთავაზა, - თბილისიდან შორს არ ვართ, საავადმყოფოში ქირურგად ნახევარ განაკვეთზე აგიყვან, თანაც იქ გამოცდილი ქირურგი გვყავს და მისგან ბევრს ისწავლი, ჩემს პირველ მოადგილედაც დაგნიშნავ, "ეპიდსადგურის" გამგე იქნებიო. დავთანხმდი, ავიკარი გუდა-ნაბადი და წავედი. მართლაც ბევრი რამ შევისწავლე, ერთი წლის შემდეგ კი გაზეთ "კომუნისტში" წავიკითხე, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი მისივე დირექტორის, ალექსანდრე წულუკიძის კათედრაზე 3-წლიან კლინიკურ ორდინატურას აცხადებდა ქირურგიაში. წულუკიძე ძალიან თავისებური კაცი ყოფილა, მირჩიეს, უშუალოდ მას დაელაპარაკე, ყველაფერი აუხსენი, მაგრამ ზედმეტი არ ილაპარაკო, თუ უარს გეტყვის, მეორედ არც გაეკაროო.
შევედი, ველაპარაკე, მიხვდა, უპატრონო რომ ვიყავი და ძალიან მინდოდა ის ორდინატურა, ამიტომ პირდაპირ მითხრა: კონკურსი აუცილებლად უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ სინამდვილეში, უკვე განსაზღვრულია ვის მივიღებთ, ამიტომ ახლა აზრი არ აქვს განცხადების შემოტანას, მომავალ წელს მოდიო. წამოვედი, მაგრამ... ძალიან შეუპოვარი ვარ. ვიფიქრე, ეგებ კარგად ვერ ავუხსენი ყველაფერი-მეთქი და წულუკიძეს შინ მივაკითხე. კარი რომ გამიღო და დამინახა, რუსულად მომაძახა, - გაეთრიე აქედანო და კარიც მომიჯახუნა. მიხვდა, რისთვისაც მივედი. რას ვიზამდი, კვლავ დმანისში დავბრუნდი. ერთი წლის შემდეგ ისევ მივედი, იმწამს მიცნო. თითქოს გულთბილად შემომხედა, მეც მოვუბოდიშე. მოკლედ, 7 კანდიდატურიდან, წულუკიძის წყალობით, მე შემარჩიეს. ისეთი მონდომებული ვიყავი, მევალებოდა თუ არა, ყველაფერს ვაკეთებდი, ვსწავლობდი და მესამე წელს ქალაქის "სასწრაფოს" ბრიგადის ხელმძღვანელადაც კი დამნიშნეს.
არ დამავიწყდება, თბილისში პირველი თოვლი რომ მოვიდა, 27 ადამიანი მივიღე მოტეხილობით, რომელთაგან ორს ბარძაყის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ორივეს სერიოზული ოპერაცია ჩავუტარე. ორდინატურის შემდეგ კვლავ წულუკიძეს მივაკითხე, სადმე, თბილისში რომ დავეტოვებინე. მითხრა, ჩვენს ფრთებქვეშ შენ გგონია, ძლიერი ქირურგი ხარ? გირჩევ, წადი რაიონში და ჯერ იქ გამოსცადე შენი შესაძლებლობები, მერე გადმოგიყვან თბილისშიო. დავბრუნდი წალენჯიხაში, 40-საწოლიან საავადმყოფოში, რომელიც უქირურგოდ იყო დარჩენილი.
გინეკოლოგიურ ოპერაციებსაც კი ვაკეთებდი. მშობიარეც მივიღე. ერთ ახლობელ კაცს 5 გოგონა ჰყავდა და ვაჟი უნდოდა. მის ცოლს მეექვსე მშობიარობა რომ დაეწყო, გინეკოლოგი შვებულებაში იყო, ამიტომ ჩემთან მოვარდა, მიშველეო. რომ მივედი, ქალს წყალი უკვე დაღვრილი ჰქონდა, ამიტომ ადგილზევე უნდა მემშობიარებინა. ქირურგს დაბნევის უფლება არა აქვს, თორემ წასულია მისი საქმე. საბედნიეროდ, მშობიარობა მშვიდობიანად დასრულდა და ვაჟი დაიბადა. ის ბიჭი შემდეგ მინისტრის მოადგილე გახდა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ეს ამბავიც კარგად იცის.
- ბატონო შოთა, ბოლო ოპერაცია მართლა 93 წლისამ გააკეთეთ?
- დიახ, 2 წლის წინ, თბილისში. საერთოდაც, მერე თბილისში გადმოვედი სამუშაოდ და 42 წლის განმავლობაში უროლოგიის ინსტიტუტში ვიმუშავე. ბევრი რამ გადავიტანე - კედელზე ამ ფოტოსურათებს რომ ხედავთ, სულ ჩემი ოჯახის წევრები არიან: ოთხი შვილი მყავდა და ახლა ქალ-ვაჟი დამრჩა. ვაჟი ნევროპათოლოგია, პროფესორი. ოთხიდან ერთი ქალიშვილი ახალგაზრდა ასაკში ავარიაში დაიღუპა, მეორე ქალიშვილს ძუძუს კიბო გაუჩნდა, დამიმალა, გაურთულდა და ამით გარდაიცვალა, მეუღლეც ტრაგიკულად გარდამეცვალა, შვილიშვილიც... ბევრი ტრავმა მივიღე, მაგრამ მაინც ყველაფერს გავუძელი, მორალურად არ დავეცი...წაიკითხეთ სრულად