ავტორი:

"სიმღერისას ოთო ნემსაძეს ვემსგავსებოდი და ეს მბოჭავდა..." - გიორგი კელაპტრიშვილი შეცდომით ნამღერ სიმღერაზე და "ოქროს ჰიტზე"

"სიმღერისას ოთო ნემსაძეს ვემსგავსებოდი და ეს მბოჭავდა..." - გიორგი კელაპტრიშვილი შეცდომით ნამღერ სიმღერაზე და "ოქროს ჰიტზე"

"მხოლოდ ქართული" 31 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩვეულ დროს გავა. კონკურსანტები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუს გვპირდებიან, გულშემატკივარი საკუთარი ფავორიტების მხარდასაჭერად ემზადება.

ამჯერად, ერთ-ერთი კონკურსანტი გიორგი კელაპტრიშვილი საკუთარ მოსაზრებას და შთაბეჭდილებას გვიზიარებს:

- სცენაზე შენი გამოსვლა დარბაზში დიდ ემოციას და აჟიოტაჟს იწვევს - უხარიათ შენი დანახვა. რას გრძნობ მაგ დროს?

- ძალიან მიხარია, მესმის მხიარულება და ჟრიამული, მაგრამ ამას ალბათ თქვენ, დარბაზში მყოფნი მეტად აღიქვამთ, მე ძირითადად მუსიკას ვუსმენ და მაგას დიდად ვერ ვაკვირდები. თუმცა, უდიდესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - ხელოვანის ბედს (ვინც გინდა, იყოს, მხატვარი, მომღერალი, მოცეკვავე) ხომ ხალხი განსაზღვრავს? რომ ვმღერი, თუ ხალხს არ მოსწონს, არ იღებს, რაც გინდა გავაკეთო, აზრი არ აქვს.

- საოცრად შეასრულე ნინო ქათამაძის ნამღერი, ჰიტადქცეული "იები". პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ის მამაკაცმა იმღერა. მაყურებელს ძალიან მოეწონა და ხალხის რჩეული გახდი. შენი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარე...

- მეც მომეწონა, თუმცა უფრო მეტიც შემეძლო, ეს ვთქვი მაშინ, როცა ჩემი ჩანაწერი მოვისმინე და ვნახე და არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ. რაც შეეხება სიმღერას, რუსა მორჩილაძემ დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. 15 წლის იყო, ეგ სიმღერა რომ დაწერა, მითხრა - ჩემი "ოქროს ჰიტი" უნდა გამღერო და დანარჩენი შენ იციო.

ამ შოუში ყველა სიმღერას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაგრამ ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მივუდექი. მიხარია, რომ ხალხს მოეწონა. მაგრამ კონცერტის ვიდეოს ნახვა არ მინდოდა, ცალი თვალით ვუყურებდი ოთარ რამიშვილის "ფიქრების ზღვას".

- იყო ცოტა ხავეზი, მაგრამ ისეთი არა, რომ არ გეყურებინა...

- არ მინდა, ხალხმა ცუდი კუთხით დამინახოს, მაგრამ, მაგ დღეს უბრალოდ ვერ ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ კარგად. სიცხე მქონდა, სიცხის დამწევმაც თავისებური ცვლილებები გამოიწვია, ეტყობა. თან, მეჩვენებოდა, რომ სიმღერისას ოთო ნემსაძეს ვემსგავსებოდი და ცოტა ესეც მბოჭავდა. ვინმეს რამეში არასდროს მინდა დავემსგავსო და მივბაძო, მაგრამ რაღაც ასე გამოდიოდა...

- ზვიად ბოლქვაძეს გასულ ტურზე პირველად შეხვდი. მოგეწონა მასთან თანამშრომლობა?

- ზვიადთან მუშაობა სასიამოვნოა, ისეთი ღრმა მუსიკოსია და ისეთი ღრმა სიმღერები აქვს, რომ ყოველთვის ახლოს მოდიოდა ჩემთან და სულ ვუსმენდი მანამდეც, სანამ ამ პროექტში მოვიდოდი. მაგ ადამიანის ნამუშევრები ჩემს გულთან ახლოს არის. რაც შეეხება ჩვენთან მუშაობას, ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა, ახლაც, 31 დეკემბრის ტურზეც მიწევს მასთან თანამშრომლობა, თუმცა ძალიან ვიუხერხულე, წინა ლაივი რომ "გავაფუჭე", ანუ მაყურებლის წინაშე სათანადოდ ვერ წარვდექი. მინდოდა, მისი იმედები გამემართლებინა, თუმცა მას ისეთი კომენტარი გაუკეთებია ჩემზე, რომ ალბათ წინა ტურიდან გამოყოლილი ემოცია ჰქონდა...

- 31 დეკემბერს, ახალ წელს პრაქტიკულად, სცენაზე ეგებებით, მაგარი დღეა, ლაივია. რას ეტყოდი მაყურებელს?

- პირველი ლაივის შემდეგ მაყურებელს დავპირდი, რომ მივმართავდი, ახალი წლის წინა დღეს ფილარმონიიდან მივულოცავდი, რადგან მათზეა დამოკიდებული ჩვენი შოუში ყოფნა-არყოფნა. ეს დანაპირები უნდა შევასრულო, ვიცი, ბევრი ადამიანი ელოდება ამას. ახალი წლის წინა დღეს მინდა, ყველას ვუსურვო - სიხარული, ბედნიერება.

მიხარია, რომ ჩემ გვერდით ასეთი პოზიტიური ადამიანები არიან და ასეთ სიყვარულს, სიკეთეს იჩენენ. მირეკავენ და ამ აღელვებულ ცხოვრებაში იმისთვის სცალიათ, რომ ვიღაც ადამიანზე იფიქრონ და კეთილი ნება გამოხატონ, ადამიანს გვერდში დაუდგნენ. მათი დამსახურებაა, რომ მესამე ლაივია ხალხის რჩეული ვარ. ყველას უდიდესი მადლობა ამ სიყვარულისთვის.

- როგორ შეაფასებდი 2018 წელს?

- ეს წელი იღბლიანი აღმოჩნდა. ყველაფერი ისე დალაგდა, რომ უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა. რაც მთავარია, აქამდე მოვედი, ხალხმა გამიცნო. მიხარია ეს სიახლეები. მგონია, რომ 2019 წელს კიდევ უკეთესი ამბები უნდა მოხდეს. ამ პროექტმა კი შეძლო ჩემთან ერთად ის, რომ მე ასეთი კომენტარი გამეკეთებინა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს