მოლოდინი, რომ ქართული ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხს განიხილავდა და მხარდაჭერას ან სულაც უარყოფას კენჭისყრით გამოხატავდა, არ დადასტურდა.
სინოდის სხდომიდან გამოსულმა მღვდელმთავრებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას 6 იანვრის შემდეგ მიიღებენ, როდესაც უკრაინის ეკლესია მსოფლიო პატრიარქისგან ტომოსს, ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობის სიგელს მიიღებს...
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი 2019 წლის შობამდე დამოუკიდებლობას მიანიჭებს. ეს კი, ამ ორბიტაზე რუსეთის მარცხს ნიშნავს და მხოლოდ მორალური ან რელიგიური თვალსაზრისით კი არა, პოლიტურადაც, რადგან რუსეთში ეკლესია პოლიტიზირებულია...
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხზე ქართველ მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ საქართველოს საპატრიარქო "სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს".
"დაველოდებით ტომოსის გამოქვეყნებას და შემდეგ სინოდზე გამოვიტანთ გადაწყვეტილებას. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნებს. იყო, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.
თემა უკვე დიდი ხანია პოლტიზებულია და რუსეთი პოზიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის და რასაკვირველია, ყველანაირად ცდილობს რელიგია პოლიტიკურ იარაღად, ხშირ შემთხვევაში კი "რბილ ძალად" გამოიყენოს. სხვათა შორის, არცთუ უშედეგოდ, რომ არაფერი ვთქვათ, ქართველ საზოგადოებაში ყბადაღებულ გამოთქმაზე "ერთმორწმუნე რუსი ერი".
თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, "ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რაც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით, ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაა".
ცნობისთვის, რუსეთის ეკლესია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიებს საქართველოს დედაეკლესიის წიაღში მოიაზრებს. "ამ აღიარებით საქართველო საგანგაშო პრეცედენტს შექმნის, როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე მართლმადიდებლურ სივრცეში," – აცხადებს ის.
ახალი არ არის, რომ ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში სხვა რეალობაა, იქ "აფხაზეთის ეკლესიის" ლიდერი, ბესარიონ აპლია დიდი ხანია რუსეთის ქვეშევრდომობას ითხოვს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეორე ფრთა, დოროთეი დბარის მეთაურობით, რომელიც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის ინიციატივით გამოდის და ამისთვის კონსტანტინოპოლის ბერძნულ ეკლესიას არაერთხელ მიმართა...
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებას ინტერესით ადევნებენ თვალს რუსეთსა და უკრაინაში. gordonua.com-ს მიერ მომზადებული სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ შობის შემდეგ, საქართველო უკრაიანის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს.
"ამ ლოგიკის თანახმად, აღიარების რიგში დგას აფხაზეთის ეკლესია და ამას რუსეთი კი არა, კონსტანტინოპოლი გააკეთებს", – წერს ბლოგერი კონსტანტინ ლოსევი.
"ვინმეს უკვირს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული ეკლესია უკრაინას მხარს დაუჭერს? პირიქით რომ მოხმდარიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა..." - წერს თემურ ისაევი.
იურისტი ვიქტორ მუსიაკი მიიჩევს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის სახელის გადარქმევა, საერთოდაც წმინდა იურიდიული საკითხია და კენჭისყრით კი არა, კონსტიტუციურად უნდა მოხდეს.
"გასაგებია რატომ ღელავს უკრაინული საზოგადოება და მრევლი, ისინი შიშობენ, რომ ადგილობრივი ეკლესია რუსეთისგან იმართება. ამიტომ, სულაც არ არის საჭირო ისტერიკა, ამის მოგვარება იურიდიულად და კანონიერად შიეძლება, შეეცვალოს სახელი უკრაინის ეკლესიას ისე, რომ ის რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში არ იყოს და პრობლემაც მოგვარდება" - აცხადებს ის ГОРДОН -თან საუბარში.
"მხოლოდ სერბეთი და რუსეთი დარჩა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ, დანარჩენი ყველა თანახმაა... შესაბამისად, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობამდე ერთი ნაბიჯი დარჩა," – წერს უკრაინელი ბლოგერი მიროსლავ გაი, რომლის თქმითაც, რუსეთის ეკლესიის ბოროტების იმპერია იმსხვრევა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში 47 მღვდელმთავარია. 6 იანვრის შემდეგ, სწორედ მათ მიერ მიცემული ხმებით გადაწყდება, აღიარებს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი აზრები გაყოფილია, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესია თავის წარსულით და არსებული რეალობის გათვალისწინებით, დამოუკიდებლობას იმსახურებს, სხვების თქმით, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამას იმსახურებს, რადგან არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომლის შესახებაც სინოდი დიდი ხანია მსჯელობს.