ავტორი:

რამდენად იმოქმედებს საქართველოზე ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ ნინიო?

რამდენად იმოქმედებს საქართველოზე ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ ნინიო?

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, გლობალური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიოა (El Niño) მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ეს ანომალიური კლიმატური მოვლენა მსოფლიოს კლიმატზე დიდ გავლენას მოახდენს.

დავინტერესდით, რამდენად იმოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები საქართველოს ჰავაზე და ამის გასარკვევად გარემოს ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ ბუნებრივია, მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები საქართველოზეც აისახოს.

მიმდინარე და სამომავლო კლიმატის შესაძლო ცვლილებების გამოსავლენად კვლევები ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილი აქვს ჰაერის ტემპერატურის მატებას, რაც ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია გამოხატული.

დატბორილი ფოთი, 2018 წლის აგვისტო

ატმოსფერული ნალექების რაოდენობის ცვლილების დინამიკა არაერთგვაროვანია. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ისედაც ჭარბი ნალექიანობით ხასიათდება, აღინიშნება ნალექების მატების ტენდენცია, მაშინ როდესაც, აღმოსავლეთ საქართველო (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში) ნალექების შემცირებით ხასიათდება, რაც უარყოფითად აისახება მეურნეობის სხვადასხვა სექტორზე.

"მსოფლიოს მეტეოროლოგები ამინდის გრძელვადიანი (სეზონური) პროგნოზების შედგენისას აუცილებლად ითვალისწინებენ ოკეანეებში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით ისეთ მასშტაბურ პროცესს, როგორსაც El Niño წარმოადგენს.

ექსპერტების დასკვნით, სათბურის გაზების ემისიების შემდგომი მატება გამოიწვევს კიდევ უფრო ინტენსიურ დათბობას და გაამძაფრებს კლიმატური სისტემის ყველა კომპონენტის ცვლილებას. სავარაუდოდ, გაიზრდება ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობა და ხდომილების ალბათობა" - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ყველასთვის საინტერესოა, რამდენად ცივი ზამთარი გველოდება წელს, ამის შესახებ კი სააგენტოში გვაცნობეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-18) მომზადებული 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე, ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია:

- ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1 ან 2 გრადუსით მაღალი;

- ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი.

რაც შეეხება, საქართველოში ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5,7 მთაში 0,+2 მაღალ მთაში -4,+1 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1,+5 მთაში -1,+4 გრადუსს შეადგენს.

ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-400 მმ, მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ -ს შეადგენს.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ