მიხეილ კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა. მისი დაკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმეზე, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
აღნიშნულ საქმეზე კალანდია მოწმის სახით დაიკითხა. თუ რა სახის ჩვენება მისცა მან სასამართლოს, აღნიშნულთან დაკვშირებით მის ადვოკატს, ანი კოტეტიშვილს არ უსაუბრია.
"მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მიხეილ კალანდია. ჩვენების შინაარსზე ბუნებრივია, ვერ გიპასუხებთ იქიდან გამომდინარე, რომ დახურული იყო სასამართლო სხდომა. ვერ დაგიდასტურებთ მისი ჩვენებით ბრალდების მხარის პოზიცია გამყარდა თუ არა, რადგან სხდომა დახურულია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე მიხეილ კალანდია დაიკითხა და ჩვენება მისცა. როგორც იცით, ბევრი მიმდინარე სასამართლო სხდომაა, თუ კონკრეტულად რომელ საქმეთან დაკავშირებით იყო გუშინ პროკურატურაში დაბარებული, ვერ გეტყვით", - განაცხადა კოტეტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.