ავტორი:

გაუჩინარებული არაბი პრინცესა გამოჩნდა - შეიხა ლატიფას გაქცევის შემდეგ პირველი ფოტოები ვრცელდება

გაუჩინარებული არაბი პრინცესა გამოჩნდა - შეიხა ლატიფას გაქცევის შემდეგ პირველი ფოტოები ვრცელდება

გაერთიანებულმა საემიროებმა დუბაის მილიარდერი მმართველის ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. CNN-ის ინფორმაციით, შეიხა ლატიფა ბინთ მოჰამედ ალ მაკტუმი უკვე რამდენიმე თვეა, არსად გამოჩენილა.

ქვეყნიდან გაქცეული პრინცესა მარტში ინდოეთის სანაპიროსთან, იახტაზე დააკავეს და დუბაიში დააბრუნეს.

სამი დაბალი ხარისხის ფოტო, რომელიც 15 დეკემბრით თარიღდება, გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ფოტოებზე პრინცესასთან ერთად ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი და გაეროს ადამიანის უფლებების ყოფილი კომისარი მერი რობინსონი ჩანს.

შეიხა ლატიფას მუქი ფერის კაპიუშონიანი სამოსი და ნაცრისფერი ჯინსის შარვალი აცვია. მისი მამა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი, შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმია.

რობინსონი ლატიფას მოსანახულებლად გაერთიანებული საემიროების თხოვნით ეწვია, რათა დაედასტურებინათ, რომ „მისი უდიდებულესობა ცოცხალია და ოჯახთან ერთად დუბაიში ცხოვრობს“.

გაქცევის მცდელობამდე შეიხა ლატიფამ 39 წუთიანი ვიდეო ჩაწერა, სადაც ქვეყნიდან გაპარვის მიზეზებზე საუბრობდა. პრინცესას თქმით, ის წლების განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და აწამებდნენ.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეიხა ლატიფამ გაერთიანებული საემიროებიდან გაქცევა სცადა - პირველი მცდელობა 2002 წელს იყო.

„თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი საქმე ცუდად არის. მე ან უკვე მკვდარი ვარ, ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფები. ისინი ქვეყანაში ცოცხალს არ დამაბრუნებენ,“ - ამბობდა ვიდეოში პრინცესა.

ის, ასევე, აღნიშნავდა, რომ თავისუფლება მაქსიმალურად ჰქონდა შეზღუდული და მისთვის და საკუთარი დისთვის, შეიხა შამსასთვის, რომელმაც 2000 წელს წარუმატებლად სცადა გაქცევა, მეტი თავისუფლების მოპოვება სურდა.

„თუ ქალი ხარ, შენს ცხოვრებას სხვა განკარგავს,“ - განაცხადა შეიხამ ვიდეოში.

პრინცესას მდგომარეობის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად ითხოვდნენ ინფორმაციას. სექტემბერში Amnesty International-მა მოუწოდა გაერთიანებულ საემიროებს, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ შეიხა ლატიფას მდგომარეობის შესახებ. ევროპაში შიშობენ, რომ პრინცესას მდგომარეობა სახარბიელო არ არის და მას საფრთხე მუდმივად ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე