2018 წლის ზაფხულში ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე 32 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა XIX საუკუნის რუსეთის გამორჩეული მხატვრის, ნიკანორ ჩერნეცოვის (1805-1879) ნამუშევარი სახელწოდებით "დადიანის სამოსახლო სამეგრელოში". ნახატი 1833 წლით არის დათარიღებული. ამ ძვირფასი ნახატის ელექტრონული ვერსია აზერბაიჯანელმა მკვლევარმა და სიძველეთა მოყვარულმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების სასახლეს.
ჩერნეცოვის ნახატი ნათელ წარმოდგენას ქმნის სამეგრელოს მთავრების იმ სამოსახლოზე, რომელიც დღევანდელი რეზიდენციის ტერიტორიაზე იდგა ამჟამინდელი სასახლეების აშენებამდე. ამიტომ მხატვრულის გარდა, ნამუშევარს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.
იონა მეუნარგია, რომელიც კარგად იცნობდა ზუგდიდის დადიანების სასახლეების მშენებლობის ამბავს, ყველაზე ძველ და გამორჩეულ შენობად დავით დადიანის (1840-1853) დროებით სამყოფ სახლს მოიხსენიებდა, რომელიც 1835 წელს დამწვარა. ეს ამბავი აღწერილია სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის წერილში, რომელიც ძმას, გრიგოლს გაუგზავნა:
წარსულს წელს, 17 დეკემბერს, სასახლე ჩემი ყოვლითავე ავეჯეულობით დაიწვა. ყოველი ესე დაგვავიწყა უსასტიკესმა სენკვეთებამან დისა ჩვენისა ნინოსამან, რომელსაცა ეცა ელდა როს იგი აღტყინებასა ალმურისასა უვიცთა მიერ ზახილი იწარმოვა, დავითს ცეცხლი მოეკიდაო"... მთავარი იქვე მეგრულ ენაზე განაგრძობს წერილს, რომლის შინაარსიდან კარგად ჩანს, რომ დავითი შენობას განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას არ ანიჭებდა:
"მუთუნი ვაპჭუ, მარა ოკო ვთქუათ ბრელქ დუმაჭუშო. მუ მენარღებუნა, ვართი ყუდე ორდ მუთუნი, თაში თქვიი, ნამუდა ჯვეში-ჯვეში დიდებაქ დო ხეშნაჭარა წიგნეფქ აჭუშო" ("არაფერი დამწვია, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ: ვითომ ბევრი რამ დაგვეწვა, რა გვენაღვლება, არც სახლი წარმოადგენდა მაინცდამაინც დიდ რამეს. ესე თქვი, რომ ძველი დიდება და ხელნაწერი წიგნები დაეწვა-თქო").
ჩერნეცოვის 1833 წელს შესრულებულ ნახატზე სწორედ ის ნაგებობაა გამოსახული, რომელიც 1835 წელს დაიწვა. ის, ფაქტობრივად, დადიანების სამყოფლის ამსახველი ერთ-ერთი გამორჩეული დოკუმენტია.
ნახატის ანალიზი ცხადყოფს, რომ ძველ სამეგრელოში მთავართა რეზიდენცია წარმოადგენდა უფრო დიდი ზომის სამოსახლოს, ვიდრე ევროპული ტიპის კლასიკურ სასახლეს. ცენტრალური ადგილი დიდ ორსართულიან ხის ოდას ეკავა, მის გარშემო კი აშენებული იყო სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის ბუხრები, სამზარეულოები და სხვ. ჩერნეცოვის ნახატიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ნადიმები ეზოში, მრავალწლიანი ხეების ქვეშ იმართებოდა.
სამეგრელოს მთავრების სამყოფელს აღწერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. მისი ჩანაწერები ჩერნეცოვის ნახატზე გადმოცემულ ვითარებას ჰგავს:
"აქ არის ცხრა თუ ათი ციხე-დარბაზი, მათ შორის უმთავრესს ჰქვია რუხი, რომელიც სამეგრელოს მთავრის ადგილსამყოფელს წარმოადგენს, ეს ციხე-დარბაზი გარშემორტყმულია ისეთი თხელი და ცუდად ნაშენი ქვის გალავნით, რომ მისი შენგრევა უბრალო იარაღითაც კი შეიძლება. აქ ზარბაზანიც არის, რაც სხვა ციხე-დარბაზებს არა აქვთ.
აი, როგორ არიან ისინი მოწყობილი: ხშირ ტყეში, გაშლილ ადგილზე, აშენებენ ოცდაათი ან ორმოცი ფუტის სიმაღლის ქვის კოშკს, რომელშიაც შეიძლება ორმოცდაათი ან სამოცი კაცი მოთავსდეს. ეს კოშკი არის ციხე-დარბაზის გამაგრებული ადგილი; აქ ინახება ბატონის და აგრეთვე მასთან თავშეფარებულთა მთელი სიმდიდრე. ამ კოშკის მახლობლად ხუთი თუ ექვსი ხის დაბალი კოშკი დგას, სადაც ინახება სურსათ-სანოვაგე და სადაც ალყის დროს თავს აფარებენ ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ამ ღია ადგილზე არის კიდევ რამდენიმე ქოხი, ზოგი ხით ნაშენი, ზოგი ტოტებისაგან დაწნული, ზოგი ბამბუკისა და ლერწმისა. მთელი ეს ტერიტორია გარშემორტყმულია კედლითა და ხშირი ტყით.
...კოლხები (მეგრელები) ამ ციხეებში იქამდე რჩებიან, ვიდრე მტრის საშიშროება არსებობს; როგორც კი საშიშროება გაივლის, ისინი უბრუნდებიან თავიანთ სახლებს... მთავრისა და დიდებულების სახლებს წინ დიდი ეზოები აქვთ, სადაც ოფიციალური მიღება და სადავო საკითხების გარჩევა წარმოებს; ეს ეზოები კი, როგორც მათ უწოდებენ, წარმოადგენენ მესერით ან ღობით შემოფარგლულ ღია ადგილს".
სამეგრელოს მთავრების სასახლეთა რაოდენობის შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი. მისი თქმით:
"მთავარს ორმოცდაათზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე. იგი აგებულია საუცხოო ქვისაგან და შესანიშნავია, როგორც სივრცე სიდიდით, ისე ფანჯრების, აივნებისა და ირანული მხატვრობის სიმშვენიერით".
ჩერნეცოვის ნახატზე ასახული ნაგებობები ლევან II დადიანის დროინდელს არ ჰგავს, ის უფრო გრიგოლ დადიანის (1788-1804) ეპოქის ნახელავი უნდა იყოს. მთავრის გარდაცვალების შემდეგ აქ დედოფალმა ნინო დადიანმა (1804-1847) ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც მას რუსეთის იმპერატორმა 2000 ჩერვონეცი უწყალობა.
ლევან დადიანის რეზიდენციას ესტუმრა ცნობილი გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელმაც საქართველოში 1825-1826 წლებში იმოგზაურა. იგი სამოსახლოს ამგვარად ახასიათებს:
"დადიანის საცხოვრებელში ავედი ქვის კიბით, კარით შევედი აივანზე და ძლივს შევამჩნიე მცველი, რომელიც ღარიბად ჩაცმული იდგა თოფით ხელში. ჩემი შემოსვლისას ის მოიხარა, რათა კარი გაეღო. ასე თავაზიანად ზრდილი მცველები ჩვენთან არ არიან. პირველად შევედი დიდ, ცარიელ ძველ დარბაზში, იქიდან კი სასტუმრო ოთახში, რომელიც ძალზე ლამაზი ავეჯით იყო მორთული. აქ თვით დადიანი დამხვდა დიდ, წითელხავერდიან სავარძელში მჯდომარე... ამ დარბაზში გარდა ნეტარი იმპერატორის ალექსანდრეს სურათისა, ეკიდა კიდევ სხვებიც, ყვავილებით მორთული; მათი შეცნობა არ შეიძლებოდა. დარბაზი უბრალოდ იყო შეღებილი. დადიანმა შესვლისთანავე დამსვა წითელხავერდიან დივანზე, რომლის წინაც იდგა წითელი ხის მრგვალი მაგიდა".
ევროპული ტიპის სასახლეები ზუგდიდში დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შემდეგ გაჩნდა. დავითმა 1835 წელს დამწვარი ნაგებობის ნაცვლად ახლის მშენებლობა მალე წამოიწყო. "ნამდვილი სამთავრო სასახლე" ორსართულიანი და 28-ოთახიანი ყოფილა. შენობის შუა ნაწილი ქვისგან შეუსრულებიათ და მასზე მოგვიანებით წაბლის ხისგან დამატებითი ოთახები მიუშენებიათ. რეზიდენციის მოსაწყობად დადიანს, რუსეთის იმპერატორის თანხმობის შემდეგ, ყულევის პორტით ბაჟგადაუხდელად საზღვარგარეთიდან შემოუტანია 25 ათას რუბლად შეფასებული ძვირფასი ავეჯი და ინვენტარი.
ეს ნაგებობა ყირიმის ომის დროს (1853-1556) ომარ ფაშამ დაიკავა და მასში ოსმალო ჯარისკაცებისთვის ლაზარეთი მოაწყო. ეს იყო 1855 წელს. სამეგრელოს დატოვებისას კი ოსმალებმა სოფლები გადაწვეს და მათთან ერთად, მთავრის სასახლეც. დამწვარი ნაგებობა დიმიტრი ყიფიანმა აღადგინა და იგი სამეგრელოს მმართველ ჭილაევს დაუთმო, თუმცა მალე სასახლე კვლავ ცეცხლმა იმსხვერპლა. შემდეგ იგი აღარ აღუდგენიათ, მისგან დარჩენილი ქვის კედლები დაუნგრევიათ და ნიკო დადიანის სასახლის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ.
სამთავრო სასახლის გარდა, დადიანს მთავრისეულ ბაღში სასტუმრო, იგივე ჯვარედინა სასახლეც აუგია. 1848 წლის აღდგომას აქ შეხვედრია მარი ბროსე, რომელმაც შენობის გეგმა და აღწერილობა შეასრულა:
"ზედა სართულიც ჯვრის მსგავსად ფიცრისგანაა აგებული. აქ არის ერთი ლამაზი კიბე, რომელიც ასცილდება თუ არა მიწას, მალე იყოფა ორად და ადამიანი წვეულების ზედა დარბაზში აჰყავს. დარბაზის შუაში გაშლილია ჯვარედინა სუფრა, 32 ადამიანისთვის განკუთვნილი. ეს სუფრა მთავრის ოჯახს ეთმობა; წვეულების დარბაზს ამშვენებს ინკრუსტირებული, ჩუქურთმებით შესრულებული, შავად და ყვითლად შეღებილი ხის ჭერი, რომელზეც ჰკიდია ხის ჯაჭვი კანდელისთვის გამზადებული.
ოთხივე მხარეს, კედლების გაყოლებაზე მიდგმულია სკამები, რომელზედაც ეტევა სამასზე მეტი კაცი და როცა მაგიდებს მოუმატებენ, 500 კაციც. თითოეულ დარბაზს აქვს მსგავსი ჩუქურთმებითა და სკულპტურებით დამშვენებული ჭერი. სასახლის გარშემო გაშლილ აივნებზე, სვეტებშუა გაყოლებულია ხისაგან ხელოვნურად ნაქარგი ორნამენტები. ღამით განათებული ეს აივანი შორიდან მეტადრე კარგი სანახავია, სასახლის ხუროთმოძღვრება ოსმალურია, აქ ვიწროდ შეჭრილი აღმოსავლური თაღები აშკარად სჭარბობს". სავარაუდოდ, ეს სასახლე უნახავს მორის ვაგნერს 1843-1846 წლებში, რომელიც რეზიდენციას "დიდებულ საცხოვრებელ სახლს" უწოდებდა.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი
წაიკითხეთ ვრცლად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერში