ავტორი:

პატარა ბიჭი "შატილის ასულოდან" "მხოლოდ ქართულის" სცენაზე - როგორ გახდა მსახიობი "შემთხვევით" და როდის "მოიწამლა" თეატრით გიორგი ცხადაძე

პატარა ბიჭი "შატილის ასულოდან" "მხოლოდ ქართულის" სცენაზე - როგორ გახდა მსახიობი "შემთხვევით" და როდის "მოიწამლა" თეატრით გიორგი ცხადაძე

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი ცხადაძე ჯერ კიდევ პატარა ასაკში, უკვე ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ბავშვი იყო - მას "ერისიონის" გახმაურებული კლიპიდან "შატილის ასულო" იცნობდნენ, რომელიც ფრანგებმა გადაიღეს...

მას მერე პატარა გიორგის ცხოვრებაში მთელ მსოფლიოში ხანგრძლივი გასტროლები, მოგზაურობა დაიწყო - ის "ერისიონის" ტრიუმფის მომსწრე და მონაწილე გახდა, რადგანაც იქ მამასთან ერთად თავადაც მღეროდა... საკუთარ თავზე თხრობას კი ასე იწყებს:

"დავიბადე ხონში, თუმცა წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ. ძალიან პატარა ვიყავი, ხონიდან ოჯახური პირობების გამო თბილისში რომ გადმოვედით. იქ არ იყო უნივერსიტეტი, სადაც ჩემი დები სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ. სკოლაც ჩემი სახლიდან ძალიან შორს იყო. მოკლედ, ოჯახმა დედაქალაქში წამოსვლა გადაწყვიტა. თბილისში კი ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გამოჩნდა "ერისიონის" პროექტი Georgian Legend, სადაც მომღერლად ამიყვანეს. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, ის ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხო იყო. ნელ-ნელა პოპულარული გავხდი", - გვეუბნება გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ძალიან პატარა მოხვდა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით არ გაუგრძელებია. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და დამთავრებისთანავე ახმეტელის თეატრის დასში ჩაირიცხა.

"თეატრალურ უნივერსიტეტში შემთხვევით მოვხვდი. ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში მეთორმეტე კლასი დაემატა და სკოლის ექსტერნად დამთავრება გადავწყვიტე, არ ვიყავი ცუდი მოსწავლე და ეს საქმე უპრობლემოდ გამომივიდა. თან, მშობლებისთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. სახლში ატესტატით რომ მივედი, მაგრამ მამამ მითხრა, თუ არ ჩავაბარებდი, ჯარში წამიყვანდნენ. არ მქონდა საკუთარი თავის იმედი, რომ ეროვნულ გამოცდებს კარგად ჩავაბარებდი და ამიტომ თეატრალური უნივერსიტეტიც ჩავწერე. მოდი, ჯერ აქ ვსინჯავ და შემდეგ საბუთებს სხვაგან გადავიტან-მეთქი.

გამოცდის წინა დღეს ვისწავლე ერთი ლექსი, რომელსაც ყველა ტურზე ვკითხულობდი, რადგან სხვა არაფერი ვიცოდი... მოულოდნელად უფასოზე, ძალიან მაღალი ქულებით მოვხვდი და თეატრით "მოვიწამლე". ამ სამყაროში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, კარგი ჯგუფი გვქონდა. ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი," - ამბობს გიორგი ცხადაძე, რომელიც დღეს თეატრის წარმატებული მსახიობია. ძალიან უყვარს პროფესია და დასი, რომელშიც აქტიურად საქმიანობს.

"ძალიან მეგობრული გარემოა, ყველა პროფესიონალია. ხანდახან სპექტაკლებში სიმღერაც მიწევს, რაც ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის ირაკლი გოგიას ინიციატივით ხდება, რადგანაც მან კარგად იცის, რომ ხელოვნება თავიდან მუსიკით შევიყვარე... მამა ოპერაში, ჯანო კახიძესთან მღეროდა და შემდეგ „ერისიონში“ გადავიდა. მოკლედ, მუსიკის სიყვარული ოჯახმა განსაზღვრა. გარდა იმისა, რომ ვმღერი, სხვადასხვა ინსტრუმენტზეც ვუკრავ.

- შენს კონკურსანტობას რომ დავუბრუნდეთ, ჟიურს წევრები ხშირად გეუბნებიან, რომ ხარ არტისტი და ცოტათი გიჭირს მომღერლის ამპლუის მორგება. ამ დროს ემოციურად რას გრძნობ?

- ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟიურის წევრების რჩევას, შეფასებას და ყველანაირად ვცდილობ, რომ გამოვასწორო ის პრობლემები, რაზეც მიმითითებენ. რაც შეეხება ჩემს არტისტიზმს, თავიდანვე ვთქვი, რომ მე ვარ მსახიობი, არ ვარ მომღერალი, უბრალოდ, ბავშვობაში ვმღეროდი და იმის მერე არასდროს მიმღერია და მიმეცადინია, არც ვოკალის მასწავლებელთან მივლია. მხოლოდ თუკი სპექტაკლში დამჭირვებია სიმღერა, მაშინ მიმღერია.

ჟიურის ვეთანხმები, მსახიობი ალბათ ცოტა სხვანაირად მღერის და ცოტა ზედმეტი რაღაცები ახასიათებს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამაში არაბუნებრივი ვარ, თუმცა რაღაცების დაბალანსებაა საჭირო, რადგან ეს სიმღერის კონკურსია.

- "მხოლოდ ქართულში" ქართული სიმღერის სიყვარულმა მიგიყვანა?

- ბავშვობიდან ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, ქართული სიმღერა იყო, რადგანაც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. ამიტომ, პირველ სეზონზეც თანამშრომლები, კოლეგები მეუბნებოდნენ, - წადი, შენიაო. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავს ახალი გამოწვევები შევთავაზო და რაც უნდა შემდგარი მსახიობი იყო, ან ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, ფიქრობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება მაინც უკან დახევაა.

დიდ პატივს ვცემ მშრომელ ადამიანებს და ამიტომ, ვცდილობ, ჩემს პროფესიას ახალი ფერი შევძინო - მაყურებელს თავი როგორც მომღერალმა შევთავაზო. ვნახოთ, როგორ გამოვა. ამასთან, ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ სპეციალური მუსიკალური განათლება მივიღო მაგალითად, მიუზიკლის მიმართულებით. მიყვარს ჩემი პროფესია, სიმღერაც და კარგი იქნება, თუ ოდესმე ეს სურვილი ამიხდება. ვფიქრობ, რომ კარგი პროდუქტი გამოვა.

- შენი მონაწილეობით არაერთი სპექტაკლი მინახავს და არაერთხელ დამიკრავს შენთვის ტაში... შენი თეატრი სრული შემადგენლობით, ყოველ კონცერტზე დარბაზში ზის და გგულშემატკივრობს. რას იტყვი ამაზე?

- ყველაზე მატად ჩემი თეატრით ვამაყობ. ასეთ პერიოდში უფრო იგრძნობა ხოლმე ადამიანების გულშემატკივრობა თუ გულგრილობა. თეატრი არის ცოცხალი სხეული, რომელიც ბოლომდე გვერდში მიდგას, მათ გადამაწყვეტინეს, ამ კონკურსში მოვსულიყავი. კონცერტს არ ტოვებენ, ყველანაირად გვერდში მიდგანან, ყველანაირად მარიგებენ, მეუბნებიან, როგორ მოვიქცე, მამხნევებენ, მგულშემატკივრობენ, ავსებული ვარ მათი სითბოთი. მეც ვცდილობ და მინდა, მოლოდინები მაქსიმალურად გავუმართლო.

მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! მე რომ კონკურსანტი ვარ, ეს უმეტესად რეჟისორ ირაკლი გოგიას დამსახურებაა, მან გამაბედინა, ამ პროექტში მოვსულიყავი.

- როგორია შენი მოლოდინი?

- პროექტი ძალიან მომწონს, დადებითად ვაფასებ. ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ბევრ რამეს ვსწავლობ, უდიდესი გამოცდილებაა. ამ კონკურსმა ჩემს ცხოვრებას ახალი რიტმი შესძინა! რაც ყველაზე ძალიან მიხარია, ქართულ სიმღერას ვასრულებ! მომდის შეტყობინენები, გვერდში დგომის წერილები, ბევრი ხალხი მხვდება ქუჩაში და მეუბნება, რომ კარგად ვიმღერე და კარგი ბიჭი ვარ. რაც დრო გავა, ამ პროექტის შედეგებს კიდევ უფრო დავინახავ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს