ავტორი:

"საფრანგეთსა და თურქეთში მოგზაურობა ბიზნესთან იყო დაკავშირებული..." - რა ჩვენება მისცა "ბახალამ"

"საფრანგეთსა და თურქეთში მოგზაურობა ბიზნესთან იყო დაკავშირებული..." - რა ჩვენება მისცა "ბახალამ"

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი გიორგანაშვილმა, იგივე "ბახალამ" დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა.

გიორგანაშვილმა კიდევ ერთხელ უარყო საქმის მთავარი მოწმისთვის, ჯაბა ხულორდავასთვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა.

როგორც გიორგანაშვილის უფლებადამცველი, გიორგი მახარაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საფრანგეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა.

"საფრანგეთსა და თურქეთში მოგზაურობა ბიზნესთან, ელექტროსიგარეტების მაღაზიისთვის საქონლის ყიდვასთან დაკავშირებული იყო. მას საფრანგეთში "ბე" აქვს დატოვებული რაღაც დანადგარზე, რომელიც ელექტროსიგარეტის სითხეებს ასხამს. ასევე, მოლაპარაკებები აქვს დასრულებული საფრანგეთში, თურქეთშიც შეთანხმება იყო გლიცერინის შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც ელექტროსიგარეტების სითხეებში გამოიყენება.

გიორგანაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჯაბა ხულორდავასთან არანაირი შეხება, მითუმეტეს თურქეთში არ ჰქონია. ბრალად შერაცხული ქმედება, რომ მან რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება ჯაბა ხულორდავას თურქეთის ტერიტორიაზე გადასცა, სიცრუეა და ამგვარ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

ბრალდების ვერსია ასეთია, გიორგანაშვილი საფრანგეთში ჩაფრინდა, იქ იყიდა სუბოტექსი, მერე საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთა, შევიდა თურქეთში და იქ მისცა ჯაბა ხულორდავას ვითომ ნარკოტიკული საშუალება. გიორგანაშვილმა განაცხადა, რომ საბაჟო შემოწმება სამჯერ გაიარა, შესაბამისად, ამ ვერსიის სიცოცხლის უნარიანობა ხვდებით ალბათ, რომ აბსურდია. აბსურდულია, ამხელა ნარკოტიკული საშუალებით, ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთო", - აცხადებს მახარაძე.

მისი განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგანაშვილმა მის ძველ საქმეზეც ისაუბრა და თავიდან აღწერა მისი დაკავების სცენა, ასევე ის, თუ როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები. ადვოკატის განმარტებითვე, გამოძიების მიერ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის დნმ ამოსული არ არის.

"ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, 843 აბზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, ჩატარდა კიდეც და ექსპერტმა თქვა, გიორგი გიორგანაშვილის ბიოლოგიური მასალა, ანუ დნმ-ის კვალი არ არის აღნიშნულ ნივთმტკიცებაზეო", - დასძენს ადვოკატი.

ის მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

"წინა საქმეში თუ მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება იყო, აქ ესეც არ არის. არანაირი მტკიცებულება გარდა არასანდო მოწმისა, არ არსებობს. ერთადერთი, ხულორდავა ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილი შეხვდა თურქეთში, რატომ შეხვდა და რითი დასტურდება ეს, არაფერი დევს საქმეში. ჯაბა ხულორდავა ის კაცია, რომელმაც ოთხჯერ შეცვალა ჩვენება და საპროცესო შეთანხმებით, 7 წელი გაუფორმდა კიდეც, არადა, 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატინრობა ემუქრებოდა. ეს მოწმე სანდო არაა, მისი ჩვენება რომც გაიზიაროს სასამართლომ, ორი პირდაპირი მტკიცებულებაც არ არსებობს "ბახალას" წინააღმდეგ. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მისი გამართლებაა", - აცხადებს მახარაძე.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, ირაკლი ქორიძეს მიცემს ჩვენებას. სწორედ ამით დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამის შემდეგ მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან, შემდეგ კი, მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს