გურჯაანის პოლიციის შენობასთან, რომელიც სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
სასამართლოსთან კვლავ რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. ისინი დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
პროკურატურამ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისთვის შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ელოდება, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერება კირკიტაძის აღკვეთზე მსჯელობა და რომელ საათზე ჩანიშნავს სასამართლო პროცესს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ აღნიშნულის შესახებ, დაახლოებით, ერთ საათში გახდება ცნობილი. ის არ გამორიცხავს, სასამართლომ კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელოს.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.