როგორც ჩანს, მასწავლებლებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია არ არის. BBC წერს, რომ იმავე პრაქტიკას მიმართავენ ბრიტანეთშიც, სადაც პედაგოგები მოსაწავლეებისგან სპეციალურად მათთვის დამზადებულ სამაჯურებს, სპა-ვაუჩერებს, ვისკისა თუ შოკოლადების ნაკრებებს იღებენ.
BBC წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე რამდენიმე სკოლამ მშობლებს სთხოვა, არ იყიდონ საჩუქრები მათი შვილების მასწავლებლებისთვის, რადგან მხოლოდ "მადლობაც" ძვირფასი საჩუქარია.
მშობლებისთვის შექმნილი ვებგვერდის Mumsnet მომხმარებელი წერს, რომ სხვა მშობლები მასწავლებლებისთვის ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდულობენ, მათ კი, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ძვირფასი ნივთების შეძენა არ შეუძლიათ. სკოლების ნაწილში კი მშობლები აგროვებენ თანხას, რომ საჩუქარი საერთო სახსრებით იყიდონ მასწავლებლისთვის.
ბლოგერი ნატალი ბრაუნი აღნიშნავს, რომ შოკირებული დარჩა, როდესაც მასწავლებლის საჩუქრისთვის 10 ფუნტის დადება მოსთხოვეს.
„კლასში 30 მოსწავლეა, თუ ყველა მათგანი 10 ფუნტს დადებს, 300 ფუნტი შეგროვდება, რაც მგონია, რომ მეტისმეტია!“ - ამბობს ბრაუნი.
მასწავლებელი და ბლოგერი ჯონ დებელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მას რესტორნის 50 ფუნტიანი ვაუჩერი აჩუქეს. დებელის თქმით, მასწავლებლებისთვის საჩუქრის ჩუქება ბევრი ბავშვისთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს ოჯახებისთვის, ხშირად, ძალიან რთულია. ამასთან, როგორც BBC წერს, მშობლები ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ და მასწავლებლების საჩუქრების დატევას მანქანაშიც ვერ ახერხებენ.
სკოლების ნაწილში თანხას ბევრად კეთილი მიზნებისთვის აგროვებენ. დაიანა, რომელიც ბელფასტში ცხოვრობს, BBC-სთან ამბობს, რომ ადგილობრივმა სკოლამ თანხა შეაგროვა, რათა საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცა, მასწავლებლებისთვის საჩუქრები არ უყიდიათ.
ერთ-ერთი ბრიტანელი მასწავლებელი კი ამბობს, რომ სთხოვეს ბავშვებს და მშობლებს, თანხა ბავშვთა დახმარების ფონდისთვის შეეგროვებინათ.
მაშინ, როდესაც მშობლები უამრავ დროს ხარჯავენ საჩუქრის შესარჩევად, ბევრი მასწავლებლისთვის მისალოცი ბარათი საუკეთესო საჩუქრად რჩება.
პენსიონერი პედაგოგი ნიკოლა ბრაუნი ამბობს, რომ ბარათებზე ძვირფასი ნივთი მოსწავლეებისგან არ მიუღია.
„ნივთები, რომლებიც მაჩუქეს, აღარ არსებობს, მაგრამ ბარათები ჩემს ალბომში დღემდე ინახება. ასეთი ტკბილი სიტყვების ჩანაცვლება რაიმე ნივთით შეუძლებელია,“ - ამბობს ბრაუნი.