ავტორი:

კონცერტს ადამიანი რომ ეთიშება, ვერ მაჩერებენ, ისე ვტირი ხოლმე - ულამაზესი ნუცა თოფურია "მხოლოდ ქართულიდან"

კონცერტს ადამიანი რომ ეთიშება, ვერ მაჩერებენ, ისე ვტირი ხოლმე - ულამაზესი ნუცა თოფურია "მხოლოდ ქართულიდან"

ყველაფერი "ანა-ბანადან" დაიწყო, თუმცა სამი წლიდან მღერის, განსაკუთრებით უყვარდა, როდესაც "იავნანას" ღიღინებდა. 10 წლისა პროექტში "ანა-ბანა" მოხვდა, რომელიც როგორც ამბობს, მისი ბავშვობისა და ცხოვრების ნათელი წერტილი იყო. ნუცა თოფურია დღეს "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია.

"სხვათა შორის, დედამ არ იცოდა, "ანა-ბანაში" რომ მე და ბებომ ჩუმად დავრეკეთ და კასტინგზე ჩავეწერეთ. მან მაშინ გაიგო, როცა უკვე კასტინგზე მივდიოდით. იმ პერიოდში არც სიმღერები მქონდა და არც პედაგოგი მყავდა, ჩემით რაც ვიცოდი, იმით გავედი და გავიმარჯვე," - გვეუბნება 19 წლის ულამაზესი კონკურსანტი ნუცა თოფურია. "ანა-ბანაში" კი საუკეთესო მასწავლებლები შევიძინე - ნინო ჩაჩავა, მანანა მორჩილაძე. კონკურსში სპეციალური პრიზი მე მერგო - საგზურით დამასაჩუქრეს, ლიტვაში ფესტივალზე წავედი, იქიდან იტალიაში... ამ პროექტის შემდეგ კი იყო ექვსწლიანი პაუზა. არც ერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილოება. მხოლოდ ვოკალში, პედაგოგ ნანა ჟღერიასთან ვემზადებოდი, რომელთანაც "ანა-ბანას" შემდეგ მივედი.

- და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ "მხოლოდ ქართულში" აღმოჩნდი...

- ეს უკვე დედაჩემის თხოვნით. პოპულარობა და ტელევიზორში გამოჩენა არასდროს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი, უბრალოდ, ამ კონკურსში მოსვლით, მინდოდა, სიამოვნება მიმეღო და რაღაც დოზით მაყურებელსაც ესიამოვნა. ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

- გაგიმართლა, ათეულში მოხვდი და კასტინგზე მარინა ბერიძემ პირველივე დანახვაზე გიცნო...

- მარინა ბერიძე ჩემს ორივე პროექტს უკავშირდება. მინდა, გავიხსენო ეპიზოდი, როცა "ანა-ბანას" მეორე ტური იყო, ვიმღერე და - კარგი, თავისუფალი ხარო, - მითხრა. ჩემი "სივი" ისეთ მხარეს დადო, სადაც ძალიან ცოტა ფურცელი იდო. დამწუხრებული გამოვედი და დედას ვუთხარი - ვერ გადავედი, არ ინერვიულო, მარინამ ჩემი ფურცელი ისეთ ფურცლებში ჩადო, რომ იმედი არ მაქვს-მეთქი... დედას გაეცინა... მარინა უსაყვარლესია, როგორიც იყო "ანა-ბანაში," ისეთია ახლაც - არ შეცვლილა. ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მკაცრი. მაშინ ჟიურიში იყვნენ - ვაკო შიუკაშვილი, დათო ევგენიძე და ნეკა სებისკვერაძე. ის ყველაფერი მართლა ზღაპარივით მახსოვს.

- საერთოდ, რა ჟანრის სიმღერებს ასრულებ?

- თითქმის ყველა ჟანრს ვმღერი, უცხოურს, ქართულს, მაგრამ ქართული სიმღერა მაინც განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ჩემს ცხოვრებაში. მას უფრო სხვა ემოციით ვმღერი. უფრო ჩემია, გულში მაქვს.

- მუსიკა ასე რომ გიყვარს, პროფესიული არჩევანი მუსიკის კუთხით რატომ არ გააკეთე?

- "ჯიპას" სტუდენტი ვარ. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვამბობ, რომ ეს უნივერსიტეტი იდეალურია, წელს პირველ კურსზე ვარ. ყველანაირად ხელს მიწყობენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან მკაცრად არის ყველაფერი. ახლა გაცდენებსაც მპატიობენ, რადგანაც რეპეტიციებზე ყოველდღე აქტიურად დავდივარ. მანამდე კონსერვატორიის ათწლედში ვიოლინოს მიმართულებით სამი წელი ვსწავლობდი, რადგან ძალიან მინდოდა, დედა შევაწუხე, - მიმიყვანე-მეთქი. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, მაგრამ ცაცია ვარ და ხელი ძალიან მალე მეღლებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი მეცადინეობას. ახლაც პროექტში მყავს შესანიშნავი პედაგოგები - ნუკრი კაპანაძე, ნინო გულიაშვილი, ნანა გვარმიანი, მიხარია, რომ ამ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ყოველი კონცერტის დღეს აფორიაქებული ვარ და ვნერვიულობ, შინაგანი ღელვა მაქვს, მაგრამ ამ ყველაფრად ღირს! სცენაზე რომ გამოვდივარ, ამდენ ხალხს, ჟიურის, კამერებს რომ ვხედავ, ნერვიულობა მეხსნება...

- ორი კონცერტის შემდეგ შენი ნამღერით კმაყოფილი ხარ?

- პირველი "იავნანა" იყო და როგორც უნდა შემესრულებინა, ისეთი გულით და ემოციით შევასრულე, რომ ბედნიერი ვიყავი, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. კმაყოფილი ვარ ჟიურის წევრების შეფასებებით, ზუსტად ისეთ შენიშვნებს ვიღებ, რაც აუცილებლად გამომადგება, რომ გავითვალისწინო.

- კონკურენტ-მეგობრებზე რას იტყვი?

- ისინი კონკურენტები არ არიან - ერთმანეთს კონცერტის მეგობრებს ვეძახით. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყოველ კონცერტზე თითო ადამიანი რომ ეთიშება, განვიცდი, ვერ მაჩერებენ, ისე ვტირი, ვნერვიულობ, ჯობია, მე გავვარდე ხოლმე, თან, ისე მალ-მალე ხდება ყველაფერი, ვერც ვიგებთ.

-ასეთი ლამაზი და საყვარელი გოგო რომ ხარ, შეყვარებული არ გყავს?

- შეყვარებული არ ვარ. თან, არ მინდა, რომ ვიყო.

- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იცილებ?

- არ ვიცილებ, ვცდილობ, ყველას პასუხი გავცე და დიდ მადლობას ვუხდი. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი უცხო და კარგი ადამიანია ჩემ გვერდით - ასევე მეგობრები, ნათესავები, ყველას ყურადღებას ვაქცევ და არავის ვიცილებ. თუმცა შეყვარებული არ ვყოფილვარ-მეთქი - ამასაც ვერ ვიტყვი. ოღონდ, მაშინ ცოტა პატარა ვიყავი და ვერ გავიაზრე, ჩემს თავს რა ხდებოდა... ახლა ჯერ ერთი, არ გამოჩენილა, რომ გამოჩენილიყო ის ერთადერთი, მივხვდებოდი. როდესაც ადამიანი მიყვარდება, იმდენად ვშტერდები, რომ არაფერი მახსოვს. ახლა კარგია, ამ კონკურსზე ასეთი საფიქრალი არ მაქვს, მთლიანად პროექტზე ვარ გადართული და ყველაფერი დავივიწყე.

- როგორ ფიქრობ, მოიგებ პროექტს?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და არც ფინალში გასვლაზე. მინდა, ყოველ "ლაივზე" კარგად წარვდგე. რასაც გავაკეთებ, ხარისხიანი იყოს და ყველასთან ერთად ველოდები, რა მოხდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება