9 დეკემბრიდან ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ-გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა, რომლებსაც ისინი თოვლის ბაბუას სწერენ (წერილები). ეს ის ბავშვები არიან, რომლებისთვისაც ახალი წელი სიხარულის და სურვილების ასრულების ნაცვლად ახალ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული.
წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 9 დეკემბრიდან - 23 დეკემბრამდე დაელოდებიან.
პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა შეარჩიონ სასურველი წერილი და წერილს ქვეშ დატოვონ კომენტარი “მე გავხდები (სალომეს/ნიკოს) საიდუმლო სანტა”.
ამის შემდეგ ჩვენ მათ დავუკავშირდებით და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ბავშვის და პროექტის შესახებ.
მას შემდეგ, რაც ყველა სურვილი ასრულდება, ახალი წლის წინა დღეებში ერთ-ერთ რესტორანში საახალწლო პროგრამაზე ყველა ბავშვს მოვიწვევთ, სადაც ისინი გასართობ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ და საიდუმლო სანტების მიერ გამზადებული საჩუქრები თოვლის ბაბუისგან გადაეცემათ.
“ძვირფასო სანტა, ძალიან მოწყენილი ვარ, ძალიან მინდა ლამაზი ახალი წელი მქონდეს: ბევრი ტკბილეული, ბევრი სათამაშოები, ბევრი საჭმელი. ჩემს ძამიკოსაც ასე უნდა. გვინდა გვქონდეს ნაძვის ხეც. გთხოვ სანტა, დაგვიყენე ლამაზი ახალი წელი” - ეს გახდი საიდუმლო სანტა 2017-ის მსვლელობისას ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ბავშვის სურვილია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით აუსრულდა და ნამდვილად დაუდგა ლამაზი ახალი წელი...
პროექტს გამოწვევის სახე ექნება. მონაწილე მას შემდეგ, რაც აირჩევს მისთვის სასურველ წერილს, დატოვებს კომენტარს და წერილს ჰეშთეგით #გახდისაიდუმლოსანტა #SecretSantaChallenge გააზიარებს ტექსტით: “მე ჩავერთე კამპანიაში #გახდისაიდუმლომეგობარი და ვიწვევ ჩემს მეგობრებს. მეგობრები კი ისევ აირჩევენ წერილს, დატოვებენ კომენტარს და გამოწვევენ საკუთარ მეგობრებს.
“ასე შევძლებთ ბედნიერად ახალ წელს უფრო მეტი ბავშვი შეხვდეს” - ამბობს პროექტის იდეის ავტორი მურო თაკალანძე.
მას შემდეგ, რაც ყველა სურვილის ამსრულებლები გამოჩნდებიან, საჩუქრით დახუნძლული ელფები კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელსაც წინასწარ დავაანონსებთ შეძლებენ საჩუქრების მოტანას, რომელსაც შემაჯამებელ საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს თოვლის ბაბუისგან გადაეცემათ. საიდუმლო სანტებს შეეძლებათ ღონისძიებაზე დასწრება და იმ სიხარულის გაზიარება, რაც მათი საჩუქრით იქნება გამოწვეული...