96 წლის ასაკში ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი გარდაიცვალა. ექსპრემიერის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დედა საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ცხოვრობდა. ქართულ მედიაში იშვიათად მოიძებნება მილიარდერის მშობლებთან ჩაწერილი ინტერვიუ, ივანიშვილები ჟურნალისტებთან ურთიერთობას საერთოდ გაურბოდნენ, იქამდე სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად აქტიური ფიგურა არ გახდა.
ჟურნალ "გზის" არქივში ინახება 2002 წლის ექსკლუზიური ინტერვიუ გრიგოლ (გრიშა) და ციცინო ივანიშვილებთან, რომლებსაც "გზის" და "რეიტინგის" ჟურნალისტები ჭორვილაში ესტუმრნენ და მათ საიდუმლოებით მოცულ შვილზე გულახდილი პასუხები მიიღეს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიებიდან და ექსკლუზიურ ფოტოებს ჟურნალ "გზის" არქივიდან:
"მწვანეში ჩაფლულ ეზოს ალაყაფის კარი და ბეტონის გალავანი აკრავს. ორსართულიან, ვარდისფრად შეღებილ სახლში გრიშა პაპა და ციცინო ბებო ცხოვრობენ. სახლის გვერდით, ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს ყავისფერი შუშებით შემინული სასადილოა, რომელიც რესტორნის სტილშია აგებული და დიდ საქეიფო დარბაზს ჰგავს. იქვეა სამზარეულო, რომელსაც მოხუცები სასადილო ოთახადაც იყენებენ. ეზოს ცალ მხარეს კოტეჯის ტიპის ოთახებია ჩარიგებული, სადაც მომსახურე პერსონალსა და სტუმრებს აბინავებენ ხოლმე.
მოკირწყლულ ქვაფენილს ვარდისფერ სასახლესთან მივყავართ, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკა (ეკატერინე) ხვედელიძე ისვენებენ ხოლმე; იქვეა უზარმაზარი ჰამაკი, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და ა.შ. კარ-მიდამოს წვრილი ქვით ნაშენი ჭა ამშვენებს. ეს ალბათ, ერთადერთი რამაა, საწნახელთან ერთად, რაც სოფლის შთაბეჭდილებას ქმნის... ორსართულიანი სახლის წინ ახალი ჯიპი დგას. ეს მანქანა ბიძინა ივანიშვილმა დედას აჩუქა.
ციცინო ივანიშვილი:
- საფრანგეთში ვიყავით. ხომ უნდა მენახა, ჩემი შვილი უცხო ქალაქში როგორ ცხოვრობს? მთელი ქალაქი შემოვიარე. ყველაფერი დავათვალიერე. ბიძინამ ეს მანქანა მიყიდა და მაჩუქა, რათა საკუთარი მანქანით მევლო, უფრო სწორად, დაცვას ვეტარებინე. რომ წამოვედი, აქაც გამომატანა, მას შემდეგ ეზოში დგას.
გრიშა ივანიშვილი:
- არასდროს არ ვიცით, სად არის, როდის ჩამოვა, მაგრამ ყოველი მისი მოსვლა დღესასწაულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილებიც მოჰყავს. ეზოში ისეთი მხიარულებაა ხოლმე, რომ გულს უხარია. ბიძინას შვილები ძირითადად, ზაფხულობით ჩამოჰყავს. მათ კიდევ ფრანგულისა და ქართულის მასწავლებლები მოჰყვებიან ხოლმე, ზოგჯერ მათემატიკისაც. ეს ოთახებიც ძირითადად, მასწავლებლებისთვის არის აშენებული.
- ბავშვებმა ქართული კარგად იციან?
- ძალიან კარგად. ჩემი რძალი და ბიძინა მათ სულ ქართულად ელაპარაკებიან. ისინი ხან საფრანგეთში ცხოვრობენ, ხან მოსკოვში, ხანაც საქართველოში. ამიტომ ბავშვებმა ფრანგულიც კარგად იციან, რუსულიც და ქართულიც. სხვა ენებსაც სწავლობენ.
ციცინო ბებო:
- ბიძინა არ არის მკაცრი მამა. პირიქით, ძალიან რბილია. ბავშვებს ანებივრებს. ბავშვს დიდი დაბადების დღე გადაუხადა პარიზში. უზარმაზარ პარკში, თავი ზოოპარკში გეგონებათ.
ეკა გაურიგეს, კარგი ქალია, მასთან ერთად ბიზნესშია ჩართული. ბიძინა ამბობს, რომ ეკა ძალიან ნასწავლი და ნიჭიერია. კარგი ცოლქმრობა აქვთ. ბევრს მუშაობენ.
გრიშა პაპა:
- ბიძინა ძალიან დაღლილია ხოლმე. როცა ჩამოვა, ყოველთვის ვატყობ, დასვენება სჭირდება. რაც გაჩნდა, მას შემდეგ შრომობს. უმუშევარი არასდროს ყოფილა. მე ახალგაზრდობაში მაღაროში ვმუშაობდი. თავს არ ვზოგავდი, ყოველთვის პრემიას მაძლევდნენ, ხელფასი 50 მანეთი მქონდა. მერე მეურნეობაში აგრონომი ვიყავი. ახლა პენსიაზე ვარ.
- პენსიას იღებთ?
- ცოტაა, მაგრამ მაინც ვიღებ. ეს ჩვენი ფულია, ჩემი შრომის გამო მაძლევენ, მაგ ფულს სხვანაირი გემო აქვს წაიკითხეთ ვრცლად
ჟურნალ "გზის" და ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან