რუსი მღვდლის საქმეს, რომელიც „ინსტაგრამის“ ფოტოებზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის სამოსითა და აქსესუარებით პოზირებს, ეკლესია იძიებს, ამის შესახებ The Moscow Times წერს.
მღვდელი ვიაჩესლავ ბასკოვი მოსკოვთან ახლოს, ტვერის ოლქში მსახურობს. გასულ კვირას ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - მის ძვირადღირებულ ნივთებს შორის არის "ლუი ვიტონის" ჩანთა და "გუჩის" ფეხსაცმელი. მისი „ინსტაგრამის“ გვერდი დახურულია, თუმცა მანამდე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ფოტოები ბევრჯერ გააზიარეს.
ცხოვრების მდიდრული წესის გამო რუსი მღვდლები აქამდეც არაერთხელ მოხვედრილან ყურადღების ცენტრში. ყველაზე ცნობილი შემთხვევა კი 2012 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის პატრიარქი კირილი ძვირადღირებული შვეიცარიული საათის Breguet გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
პატრიარქის წარმომადგენელმა ალექსადრ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ეკლესიის დისციპლინარული კომიტეტი ბასკოვის პოსტებს შეისწავლის.
„ასეთი არათავმდაბლური და ხარბი ცხოვრების წესი ეკლესიის მსახურებისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი. არ შეიძლება საეკლესიო პირი დილით მღვდელი იყოს, შუადღისას კი - ვიღაც სხვა,“ - განაცხადა ვოლკოვმა.